“უდესიანი პარიზში დავაფიცოთ ხატზე?!” – რას აცხადებს ბესიკ ხარძიანის შვილი?
მამა მეუბნებოდა, თუ ოდესმე საფრთხე დამემუქრება, ეს უდესიანი-ქურასბედიანის ხელით მოხდება, – ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ვაჟი, ბესო ხარძიანი გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ბესო ხარძიანი დარწმუნებულია, რომ მკვლელობის მოტივი ე.წ. კუს ტბის საქმეა, დამკვეთები კი მამის ყოფილი ბიზნესპარტნიორები, გია უდესიანი და რეზო ქურასბედიანი არიან.
“მამა მეუბნებოდა, თუ ოდესმე საფრთხე დამემუქრება, ეს უდესიანი-ქურასბედიანის ხელით მოხდებაო. მკვლელობის მოტივი გახლავთ კუს ტბა, რაზეც ისინი დავობდნენ. ეს ქონება ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული, მაგრამ მის უკან დგანან უდესიანი და ქურასბედიანი. შესაძლოა, მათ იფიქრეს, ქონებას მაინც ვკარგავთო და შურისძიების მოტივით დაუკვეთეს მკვლელობა… უდესიანი ხატზე დაფიცებაზე რომ ლაპარაკობს, სად წავიდეთ, პარიზში დავაფიცოთ ხატზე, თუ რა ვქნათ?! მაგან შეიძლება ხატზე ტყუილად დაფიცებაც იკადროს. თუ ეს პოლიტიკური მოტივი იყო, უდესიანიც მათი გუნდის წევრი გახლდათ. მიმაჩნია, რომ მკვლელობის მოტივი კუს ტბაა… ვიდეოფირი, რომელიც უდესიანმა წარმოადგინა, უფრო ვრცელია, მაგრამ ფაბრიკაცია მათი ხელობაა და, როგორც უნდოდათ, ისე დაამონტაჟეს…
სხვათა შორის, როცა მამამ კუს ტბის საქმეზე პირველ ინსტანციაში საქმე მოიგო, უდესიანებმა მაშინაც წარმოადგინეს ეს ფირი და სწორედ მისი მეშვეობით მოიგო მამამ საქმე…“, – აცხადებს ხარძიანი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. თუმცა, მკვლელობის შემკვეთი და მოტივი ჯერ უცნობია. მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ ხარძიანის მკვლელობაში მხილებულნი არიან: უკრაინის მოქალაქე ალექსანდრ დამეტოვი და რუსეთის მოქალაქე ოლეგ დოევი. პროკურატურამ ბრალდებულებს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი და მათი საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.