რას ყვება მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას შვილი
მამაჩემისგან არასოდეს მსმენია, რომ ჰყავდა ასეთი მეგობარი. მე, ჩემი და და დედაჩემი არც ბიძინა კუჭავას და არც მისი ოჯახის წევრებს არ ვიცნობთ, – ამის შესახებ მოკლული პროკურორ ვახტანგ ქირიას ქალიშვილი ნინო ქირია “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ნინო ქირია 13 იანვრის საღამოს იხსენებს და ამბობს, რომ მამის ქცევაში რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია.
“მამა თბილისში 12 იანვარს, საღამოს ჩამოვიდა, ძალიან გაიხარა შვილიშვილის ნახვით. მერე შინიდან გავიდა. მოგვიანებით დაგვირეკა, – თუ საქმე დღეს ვერ დავამთავრე, არ მოვალო. იმ საღამოს არ მოსულა. ჩვენ პატარა, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობთ, ამიტომ მამა ზოგჯერ საბურთალოზე, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე, სასტუმროში რჩებოდა ხოლმე. მეორე დღეს, 13 იანვარს, მოვიდა. შესვენების დროს შინ შევირბინე. ბაბუა-შვილიშვილი ბურთს ბერავდა. რამე საეჭვო მის ქცევაში არ შემიმჩნევია. ვილაპარაკეთ და სამსახურში გავბრუნდი. ისინი კი ეზოში ჩასულან და უთამაშიათ. საღამოს 5-ის 15 წუთი ყოფილა, ბავშვისთვის რომ უთქვამს, – ახლა უნდა წავიდე, რომ მოვალ, ისევ ვითამაშოთო. 10 საათი ხდებოდა, რომ დარეკა, – ძველით ახალ წელს ხვდებით, თუ იძინებთო. ეს იყო და ეს. მას მერე მისი ნომერი აღარ პასუხობდა – გათიშული იყო. რა მოხდა, ამაოდ ვეძებ პასუხს. ინფორმაციას ტელევიზიიდან თუ ვიგებთ. იმედი მაქვს, დაადგენენ, რატომ მომიკლეს მამა”, -აცხადებს ნინო ქირია.
ძალოვანებმა გაუჩინარებული პროკურორის ვახტანგ ქირიას ცხედარს 16 იანვარს, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში მიაგნეს. მას ოჯახი რამდენიმე დღე ეძებდა. ოფიციალური ინფორმაციით, ბინა, სადაც ცხედარი იპოვეს, რადიო “საქართველოს ხმის” დამფუძნებელ ბიძინა კუჭავას ჰქონდა ნაქირავები. ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილად ბიძინა კუჭავა დასახელდა. ძალოვანთა ინფორმაციით, იგი ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა. სამართალდამცავებმა ჯიპი, რომელშიც ეჭვმიტანილი იჯდა, იუსტიციის სახლის მიმდებარედ გააჩერეს. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციელების დანახვისთანავე კუჭავამ იარაღი ამოიღო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კუჭავას ოჯახი მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და დარწმუნებულია, რომ იგი მოკლეს.
წყარო: “კვირის პალიტრა“