ფოთის პროკურორზე თავდასხმა შესაძლოა, ყოფილი პატიმრის შურისძიებას უკავშირდებოდეს

გაზეთ „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გასულ კვირას ფოთის მოქმედ პროკურორ ალექსანდრე გოგუაძეზე თავდასხმა წარსულში მის საქმიანობას უკავშირდება. როგორც გამოცემა წერს, ფოთის მოქმედი პროკურორი წარსულში მოსამართლე იყო და არაერთი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანია.
„ამბობენ, რომ გამოძიება ადგენს გოგუაძის მიერ გასამართლებული პირებიდან კონკრეტულად რომელმა დატოვა საპყრობილე ბოლო პერიოდში. შესაძლოა, საქმე ყოფილი პატიმრის შურისძიებასთანაც გვქონდეს. მეტიც, უკვე ითქვა, რომ არსებობს ეჭვმიტანილთა წრეც.
ჯიმი გოგუაძე წარსულში არაერთ სკანდალში იყო გახვეული. ფოთელების ნაწილი მას ქონებების ჩამორთმევაში თანამონაწილედ მოიხსენიებს, ნაწილი კი პროფესიონალ იურისტად ასახელებს.
ბოლოს პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე სკანდალში მისი ყოფილი კოლეგის, მოსამართლის დაკითხვაზე დაბარების გამო გაეხვა. ეს 2013 წელს იყო. მაშინ პრეზიდენტი ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და მოსამართლის დაკითხვაზე დაბარება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთად შეაფასა. სააკაშვილმა გოგუაძეს კორუმპირებული უწოდა და განაცხადა, რომ ფოთის ამჟამინდელი პროკურორი წინა წლებში მოსამართლე იყო და სამსახურიდან კორუმპირებულობის გამო გაათავისუფლეს.
პროკურორ გოგუაძის განცხადებით, კი ფოთში მოსამართლედ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა და პოსტი 10 – წლიანი ვადის გასვლის შემდეგ დატოვა, რაც მის შრომის წიგნაკშიცაა მითითებული.
„ფოთში საერთოდ არ ვაპირებდი მუშაობას. სააკაშვილმა თვითონ დამიბარა, პირადად შევხვდი და მითხრა, იქ უნდა წახვიდეო“,- ვკითხულობთ სტატიაში.
„პრაიმტაიმის“ ცნობით, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ალექსანდრე გოგუაძეს ბიზნესი აქვს და შესაძლოა, თავდასხმაც მის ბიზნესს უკავშირდებოდეს.
მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უარყო და გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, გოგუაძის მისამართით განხორციელებული სროლა მის მიერ გამოძიებულ მნიშვნელოვან საქმეებს უკავშირდებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები