თამაზ ნინუას შვილი: ვინ არის მკვლელი – ეს კითხვა არ გვასვენებს და ვცხოვრობთ კოშმარში

ვერ დამარწმუნა სასამართლომ, რომ თამაზ გოგია არის ჩემი მშობლების მკვლელი – ამის შესახებ უშიშროების მოკლული გენერლის თამაზ ნინუას შვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
უშიშროების გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე ეთერ ნინუა 2009 წლის 13 ნოემბერს, მიცკევიჩის ქუჩაზე, საკუთარ სახლში, მოკლულები იპოვეს – თითო ტყვია ორივეს საფეთქელთან ჰქონდა მოხვედრილი.
განიხილებოდა პოლიტიკური მოტივით მკვლელობაც, თამაზ ნინუა უშიშროების გენერალი იყო და იმ პერიოდში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის ირგვლივ მას კონსტანტინე გამსახურდიასთან უნდა ესაუბრა. თუმცა გამოძიებამ ნინუების მკვლელობა მალე გახსნილად გამოაცხადა და მოტივად პარტნიორებს შორის დაძაბული ბიზნესსაქმიანობა დაასახელა. მკვლელობაში კი ყოფილი ფეხბურთელი, ნინუას უახლოესი მეგობარი თამაზ გოგია ამხილეს. მას 30 წელი მიუსაჯეს, იგი მეშვიდე წელია სასჯელს იხდის, თუმცა სასამართლო პროცესები ისე დასრულდა, რომ ამ საქმის ბევრი დეტალი ბურუსით მოცული დარჩა.
სასამართლო პროცესზე გოგიას ადვოკატი ბიძინა კუჭავას დაკითხვას ამაოდ ითხოვდა, პროკურატურამ ვერ შეძლო მაშინ მისი პროცესზე მოყვანა. თუმცა ის გამოძიებას მოწმის სტატუსით დაკითხული ჰყავდა.
“ვერ დამარწმუნა სასამართლომ, რომ თამაზ გოგია არის ჩემი მშობლების მკვლელი. ის თითქმის 7 წელია ზის ციხეში.
ჩვენი სახლიდან ოქროულობა იყო წაღებული. იშვიათი ძვირფასეულობა, რომელიც მხოლოდ ჩვენი ოჯახის წევრებისთვის იყო სპეციალურად დამზადებული. კიდევ ფაბერჟეს უნიკალური ბროში, დედას საჩუქარი, რომელიც ერთადერთია. მოპარული ძვირფასეულობის სია საქმეში დევს, აქედან ერთიც რომ იპოვონ, მხოლოდ ამ გზით გახსნიან დანაშაულს. იმის ილუზია არ მაქვს, რომ ასეთ ნივთებს ვინმე სახლში შეინახავდა, მაგრამ შეიძლება მკვლელმა ბანკში, შემნახავ სეიფში შეინახა ან სადმე გადამალა“, – აცხადებს ნინუა.
ეკა ნინუას თქმით, როცა მისი მშობლების მკვლელობის საქმეში კუჭავას გვარმა გაიჟღერა, – გაოგნებული დარჩა.
“თუ ეს დადასტურდა, მაშინ მისი ოჯახის წევრებს პასუხს მოვთხოვ ჩვენი განადგურებისთვის. კაცი ხელს მართმევდა, სალამს მეუბნებოდა და თურმე სხვა აზრები უტრიალებდა? თუმცა, სანამ მტკიცებულება არ მექნება, ხელს ვერავის დავადებ…
ბიძინა კუჭავას 90-იან წლებში ჰქონდა ნაყიდი ბინა ჩვენს კორპუსში, გვერდით სადარბაზოში. მამას კარგი გამარჯობით ხვდებოდა. მამას მანქანა უნდა ეყიდა. ბიძინა კუჭავა რომ წინა დღეს ჩვენს სახლში ყოფილა, მოგვიანებით შემთხვევით გავიგეთ – დედას მეგობარი, რომელიც 10 ნოემბერს ჩვენს ოჯახში კონსულტაციისთვის მოვიდა და მამას თავისი იურიდიული დოკუმენტები აჩვენა, ამბობს, რომ იმ დროს ჩვენთან ბიძინა კუჭავა უნახავს. სწორედ დედას მეგობრის ჩვენების შემდეგ დაიკითხა ბიძინა კუჭავა“, – აცხადებს ეკა ნინუა.
რაც შეეხება ბიძინა კუჭავას მიერ მიცემულ ჩვენებაში ნათქვამს, რომ მან თამაზ ნინუას უთხრა, “ამ კომისიებმა ხომ გააჭირეს საქმეო”, და ხელში საბუთები ეჭირა – ნინუას ქალიშვილი ეჭვობს, რომ მამამისს მსგავსი ფრაზა ეთქვა.
“ეჭვი მეპარება იმაში, რომ აღელვებულმა მამამ თქვა ეს ფრაზა, რა გამიჭირეს საქმეო. მამა არასოდეს საუბრობდა იმაზე, რასაც ფიქრობდა. ხუმრობით ვამბობდი კიდეც, მუნჯი მამა მყავს-მეთქი. მისი აზრი ვინმეს ან რაიმე მოვლენის შესახებ არავინ იცოდა. თუმცა ერთი თვალის შევლებით შეეძლო ადამიანის ამოცნობა. ეს მისი პროფესია იყო. არა მგონია, მამა დამდგარიყო სადარბაზოში და ვიღაცისთვის მოეყოლა, რა საბუთი ეჭირა ხელში. როცა ვითხოვდით კუჭავას სასამართლოზე მოსვლას, პროკურორმა თქვა, ვერ ვპოულობთ, ტელეფონი აქვს გამორთულიო, მაგრამ ზუსტად იმ დილას ვნახე, თავისი სახლის აივანზე იდგა და ტელეფონზე საუბრობდა“, – აცხადებს ეკა ნინუა.
მისივე თქმით, კუჭავა კორპუსთან ხვდებოდა მხოლოდ და მისალმებით შემოიფარგლებოდა.
“როცა კორპუსთან მხვდებოდა, მესალმებოდა… ეს წლები უმძიმესი იყო ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. ყველამ ზურგი გვაქცია, მოკითხვისაც ეშინოდა ხალხს. თქვენ არ იცით, რამდენი დღე და ღამე მარტოებმა, სამზარეულოში სკამზე გავატარეთ. ისე დამთავრდა სასამართლო, არავინ გაგვცა პასუხი, რატომ მოკლეს ისინი. არც იარაღის შესახებ ვიცოდი რამე და არც ის, რა მანძილიდან ესროლეს, არადა, ორ საქმეში ფიგურირებდა ეს იარაღი და მკვლელობის ხელწერაც ერთი და იგივე იყო. ესეც შემთხვევით შევიტყვეთ – ჩემი ბიძაშვილი მუშაობდა ვაკე-საბურთალოს კრიმინალური სამსახურის უფროსად. როცა შემთხვევის ადგილი ნახა და ჩემი მშობლების მკვლელობის ხელწერას გაეცნო, მაშინვე თქვა, ზუსტად ანალოგიური მკვლელობა ადრე ვაკეში მოხდაო. ასე ამოტივტივდა მაღალთაძის საქმე…
არ მჯერა, რომ გოგიამ მომიკლა მშობლები. არც მისი აღიარება არსებობს. როცა ვკითხე გამოძიებას, გოგიასთან მკვლელობის იარაღი თუ იპოვეთ-მეთქი, მიპასუხეს, იარაღი არა, მაგრამ ვიპოვეთ იარაღების წიგნი, სადაც ამ იარაღის ინსტრუქცია იყოო. დენთის კვალი არსებობს, რომელიც საეჭვოა. ასეთი კვალი, პოლიციელს ხელი რომ ჩამოართვა, მაშინაც დარჩება.
არ ვიცი, ვინ და რატომ მომიკლა მშობლები. ეს წლები პარალიზებულები ვიყავით მე და ჩემი შვილი. ჩემს შვილს ყველა სტრუქტურაში ბლოკავდნენ და სამსახურიც კი ვერ იშოვა. ამდენი წელი იმიტომ ვდუმდი, რომ ვიცავდი ჩემს შვილს, არ ვიცოდი მკვლელობის მოტივი და ვინ მომიკლა ისინი. ჩემი შვილი მამამ კაცად გაზარდა. ამ ტრაგედიის შემდეგ ბაბუის სახელი და გვარი დაიწერა გულზე და ეს ერთადერთი ტატუ აქვს. არ ვიცი, ვინ იყო, მაგრამ მკვლელობის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, – ეკა, იცოდე, ქურდები იძახიან, რომ ეს საქმე არ არის მათი გაკეთებულიო.
ვინ არის მკვლელი – ეს კითხვა არ გვასვენებს და ვცხოვრობთ კოშმარში“, – აცხადებს ეკა ნინუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები