რას ყვება მაღლივის ხიდიდან გადამხტარი 13 წლის გოგონას მეგობარი
გასულ კვირას უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ხიდიდან 13 წლის თამუნა მარღოშვილი თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. მისი მეგობარი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ თამუნა მარღოშვილს იხსენებს და აცხადებს, რომ ბოლო დროს თამუნა გულჩათხრობილი და თავჩაქინდრული დადიოდა.
„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის გაკეთება შეეძლო. დიდად კომუნიკაბელური არ იყო, მაგრამ მაინც ახერხებდა, ყველასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდა. ხშირად ეცვლებოდა ხასიათი. ხან ჩაერთვებოდა ხოლმე ჩვენს საუბრებში, ხან თავისთვის იჯდა და ხმას არავის სცემდა.
ძალიან კარგად ხატავდა, მალე ხელოვნების სკოლაში უნდა ესწავლა. ერთხელ რაღაც განსხვავებული ნახატი ჰქონდა, დავინტერესდი, მაგრამ დამალა, არ მაჩვენა. მითხრა, მეგობარმა მაჩუქაო. მერე გამიღიმა და მითხრა, გეხუმრე, მე დავხატე, მაგრამ დასრულებული არ მაქვს და როცა მოვრჩები, გაჩვენებო.
კონფლიქტიც არავისთან ჰქონია, როგორც ვიცი. თუ არ ვცდები, არც შეყვარებული ჰყავდა, რომ მასთან მოსვლოდა კონფლიქტი. ყველას იცნობდა და, არა მგონია, ვინმესთან აქ უთანხმოება ჰქონოდა.
კეთილი და მხიარული იყო, მაგრამ ხანდახან გულჩათხრობილი და თავჩაქინდრული დადიოდა. ხშირად მიკითხავს, რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა, მაგრამ მაშინ გამოცოცხლდებოდა და ღიმილით მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ 13 წლის გოგონას მეგობარმა.