ზაზა ფაჩულია: შეუფასებელი განცდაა, როცა ხედავ, რომ შენი ხალხი შენ გვერდით დგას
ვერც გადმოვცემ, რა სასიამოვნოა, როცა ხედავ, რომ მთელი ქვეყანა ჩართულია შენს მხარდასაჭერ აქციაში, – ამის შესახებ ზაზა ფაჩულია გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, აშშ-ის მასმედიაც და ქომაგებიც გაკვირვებულნი არიან ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერით.
“ვერც გადმოვცემ, რა სასიამოვნოა, როცა ხედავ, რომ მთელი ქვეყანა ჩართულია შენს მხარდასაჭერ აქციაში. ქომაგების, მედიის, სამინისტროებისა თუ კერძო კომპანიებისგან უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი. შეუფასებელი განცდაა, როცა ხედავ, რომ შენი ხალხი შენ გვერდით დგას…
“ოლ სტარში” თამაშის უფლების მოპოვებას წლების განმავლობაში დაუღალავი შრომა, სტაბილურობა და იღბალი სჭირდება.
“ყველა ვარსკვლავის მატჩთან” ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ… ხალხის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამას იმიტომ არ ვამბობ, სასტარტო ხუთეულში რომ ვერ მოვხვდი, მართლა ასე ვფიქრობ – ხალხის სიყვარულს და პატივისცემას ვერც იყიდი და ვერც რამდენიმე დღეში მოიპოვებ. წლობით თავდაუზოგავად უნდა იშრომო… ბევრს დასწყდა გული, მაგრამ მე სიამაყით უფრო ვუყურებდი შედეგებს, ვიდრე სინანულით, რადგან ამდენი ხმა მოვაგროვე და ასეთ მაგარ კალათბურთელებს გავასწარი! როცა შედეგები გამოაცხადეს, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს, ერთი ქულით წამეგოს თამაში ძლიერ გუნდთან! ბედნიერი ვიქნებოდი, “ოლ სტარის” მოთამაშეთა შორის რომ ავერჩიე, მაგრამ ეს პირადი მიღწევაა, მათ კი, ვინც ჩემი თამაშის სტილი და ჩემი ხასიათი იციან, კარგად მოეხსენებათ, რომ გუნდის გამარჯვებაზე ორიენტირებული მოთამაშე ვარ. აშშ-ის მასმედიაც და ქომაგებიც გაკვირვებულნი არიან ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერით. ბევრმა მათგანმა მხოლოდ ახლა გაიგო საქართველოს სახელი და ეს აქტიურობა თუნდაც ამად ღირდა!
NBA-ში საქართველოზე დიდი ქვეყნების წარმომადგენლები თამაშობენ. მაგრამ არათუ მათ, ამერიკელ კალათბურთელებსაც კი გაუჭირდათ იმდენი ხმის მოპოვება, რამდენიც მე მივიღე. თანაც, ეს ყველაფერი სპონტანურად, წინასწარი მომზადების გარეშე მოხდა, ქართველი ქომაგების ინიციატივით, რისთვისაც ორმაგად მადლობელი ვარ. გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც სხვადასხვა სახის საინიციატივო აქციებს ჩაუდგა სათავეში. ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება, მაგრამ განსაკუთრებული მხარდაჭერა ვიგრძენი ბერა ივანიშვილისგან, ტელეგადაცემებისგან: “ნიჭიერი”, “რა? სად? როდის?” და ა.შ. მხარდაჭერის აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართული სამინისტროები, სპორტული ფედერაციები თუ რიგითი გულშემატკივრები“,-ამბობს ზაზა ფაჩულია.
კალათბურთელი ამბობს, რომ თანაგუნდელებიც ქომაგობდნენ.
“თანაგუნდელებიც მქომაგობდნენ. პირველადი შედეგები რომ გამოქვეყნდა, ყველამ ბევრი ვიცინეთ, რადგან მე ორჯერ მეტი ხმა მქონდა, ვიდრე ისეთ დიდ მოთამაშეს, როგორიც დირკ ნოვიცკია! პირველად სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა მქონდა… ყოველთვის კარგია, როცა შენს ქვეყანას გვერდით დაუდგები (ჩემს შემთხვევას არ ვგულისხმობ!). სწორედ ამიტომ დავწერე, რომ ძალა ერთობაშია – რაც მეტი ადამიანია ერთად, მით უფრო ძლიერები არიან! ეჭვი არ მეპარება, კიდევ ბევრჯერ ვიქნებით ასე ერთ მუშტად შეკრულნი. საზღვარგარეთ შენს ქვეყანას წარმოადგენ და როცა უცხოელები ხედავენ, როგორი ერთიანობა შეუძლია შენს ხალხს, მეტად გაფასებენ“,-აცხადებს ზაზა ფაჩულია.
ზაზა ფაჩულიას მხოლოდ 14 ათასი ხმა დააკლდა NBA-ს “ოლ სტარის” („ყველა ვარსკვლავის“ მატჩი) სასტარტო ხუთეულში მოსახვედრად.
წყარო “კვირის პალიტრა“