პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას აქამდე უცნობი ჩვენება
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიება ბიზნესმენ ბიძინა კუჭავას მიიჩნევდა, პრესაში დაიწერა, რომ კუჭავას სახელი კიდევ რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან იყო დაკავშირებული… 2009 წლის 13 ნოემბერს, მიცკევიჩის ქუჩაზე, საკუთარ სახლში, უშიშროების გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე ეთერ ნინუა მოკლულები იპოვეს – თითო ტყვია ორივეს საფეთქელთან ჰქონდა მოხვედრილი. ბინაში ელექტროგამათბობელი იყო ჩართული და ცხედრების ირგვლივ, სავარძლებზე, კომპიუტერთან, ყველგან დაფქული წიწაკა ეყარა, ამ გზით დამნაშავის კვალი გაქრა. საქმეში იდო ორი მასრა, მათ შორის ერთი ეთერ ნინუას ბალიშში აღმოაჩინეს. ბალისტიკური ექსპერტიზით ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო პისტოლეტს ეკუთვნის.
განიხილებოდა პოლიტიკური მოტივით მკვლელობაც, თამაზ ნინუა უშიშროების გენერალი იყო და იმ პერიოდში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის ირგვლივ მას კონსტანტინე გამსახურდიასთან უნდა ესაუბრა. თუმცა გამოძიებამ ნინუების მკვლელობა მალე გახსნილად გამოაცხადა და მოტივად პარტნიორებს შორის დაძაბული ბიზნესსაქმიანობა დაასახელა. მკვლელობაში კი ყოფილი ფეხბურთელი, ნინუას უახლოესი მეგობარი თამაზ გოგია ამხილეს. მას 30 წელი მიუსაჯეს, იგი მეშვიდე წელია სასჯელს იხდის, თუმცა სასამართლო პროცესები ისე დასრულდა, რომ ამ საქმის ბევრი დეტალი ბურუსით მოცული დარჩა.
სასამართლო პროცესზე გოგიას ადვოკატი ბიძინა კუჭავას დაკითხვას ამაოდ ითხოვდა, პროკურატურამ ვერ შეძლო მაშინ მისი პროცესზე მოყვანა. თუმცა ის გამოძიებას მოწმის სტატუსით დაკითხული ჰყავდა. როგორც შევიტყვეთ, გამოძიებამ კუჭავა მას შემდეგ დაჰკითხა, რაც მისი სახელი და გვარი ნინუების საქმეზე დაკითხულმა ერთ-ერთმა მოწმემ ახსენა. ეთერ ნინუას მეგობარი ამბობდა, რომ ტრაგედიის წინა დღეს ნინუების სახლში ვინმე ბიძინა კუჭავა ნახა.
გაზეთი “კვირის პალიტრა“ წლების წინ ბიძინა კუჭავას მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან საინტერესო ფრაგმენტებს აქვეყნებს.
ჩვენებაში კუჭავა აცხადებს, რომ ნინუას სახლში სულ ორჯერ იყო ნამყოფი – პირველად, როცა აგარაკიდან ჩამოვიდა და ბარგის ატანაში დაეხმარა და მეორედ, მის გარდაცვალებამდე 3 ნოემბრიდან 12 ნოემბრის შუალედში.
“თამაზ ნინუა ჩემი მეზობელია. ვიცნობდი იმ პერიოდიდან, როცა ტელევიზია “იბერვიზია” ჩამოვაყალიბე, მაშინ უშიშროების მაღალჩინოსანი იყო. მის სახლში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი. პირველად, როცა აგარაკიდან ჩამოვიდა და ბარგის ატანაში დავეხმარე და მეორედ, მის გარდაცვალებამდე 3 ნოემბრიდან 12 ნოემბრის შუალედში. ეს თამაზის ინიციატივა იყო – მკითხა, ხომ არ ვიცოდი, რა ეღირებოდა, ან ხომ არ მეგულებოდა ვინმე, ვინც მრგვალფარებიან “მერსედესს” ყიდდა. ვუთხარი, რომ გავიკითხავდი. ისიც ვკითხე, ეკასთვის ხომ არ გინდა-მეთქი. მიპასუხა, მიახლოებით ეგრეაო. მან ჩამაწერინა თავისი ტელეფონის ნომერი. შემდეგ დავურეკე და ვუთხარი, მოცემული მოდელის “მერსედესების”, მთლად ახლების ფასი 7.000 დოლარიდან იწყება -მეთქი. ისიც ვუთხარი, მეც ვაპირებ ჩემი “მერსედესის” გაყიდვას 11-12 ათას დოლარად-მეთქი. თუმცა შემეძლო ფასის დაკლებაც. ეს აზრი თამაზს მოეწონა. შემდეგ მთხოვა, საღამოს მასთან სახლში მივსულიყავი. სახლში რომ მივედი, იქ იყო მისი მეუღლე ეთერი, რომელსაც თამაზმა უთხრა, ალბათ წასაღებად მობრუნდებაო… რომ ვკითხე, რა ხდება-მეთქი, მითხრა, ჩემი მეგობარი იყო და საბუთები დარჩაო. თამაზმა მითხრა, რომ ფულს ელოდებოდა, მივხვდი, მანქანის ყიდვა უნდოდა და ფული არ ჰქონდა. მკითხა, რას ვიტყოდი თუ ნაწილ-ნაწილ გამისტუმრებდა.
მოვიფიქრებ-მეთქი. ესეც იმიტომ ვთქვი, რომ ხათრი ვერ გავუტეხე, თორემ მინდოდა თანხა ერთად ამეღო. მერე მკითხა, ხომ არ მყავდა ვინმე ამერიკაში, რაც ძალიან გამიკვირდა. რადგან იმ დონის კაცს ჩემი დახმარება რაში სჭირდებოდა. მაშინ ვკითხე მიზეზი. მიამბო, რომ მეგობართან ერთად ჰქონდა ბაზრობა. ისიც მითხრა, რომ მისულან მასთან მკლავჭიდელი ზაურ ცხადაძე და კიდევ ვიღაც პიროვნება, რომელსაც უნდოდა “ჰამერის” ყიდვა. თამაზს ვიღაც ქართველისთვის მიუცია ამერიკაში მანქანის შეკვეთა და ამისთვის 40.000 დოლარი გადარიცხა, თუმცა იმ ადამიანმა მანქანა არ გამოუგზავნა. ამიტომ ეძებდა ვინმეს, ვინც მონახავდა ამ კაცს ამერიკაში. თქვა, მევალეები მაწუხებენო…
ჩემი იქ ყოფნის დროს ბინაში არავინ მოსულა. ისიც მითხრა, რომ თავისი მეწილეებიდან ვიღაც ყიდდა ბათუმის პორტში 400 კვადრატულ მიწას და მსურველი მომეძებნა. ასე დავშორდით.
ბოლოს თამაზ ნინუა ვნახე 10 ან 11 ნოემბერს, სადარბაზოში, ლიფტთან. აღელვებული იყო – ამ კომისიებმა ხომ გააჭირეს საქმე, რა დროს ეგააო (იმ პერიოდში პარლამენტში საგამოძიებო კომისია იყო შექმნილი ზვიად გამსახურდიას საქმეზე. – ავტ.). ხელში ეჭირა გამჭვირვალე ფაილებში ჩაწყობილი ქაღალდები და მრგვალი დისკი.
მერე გავიგე, რომ მოკლეს ცოლ-ქმარი. იმ დროს მოვდიოდი ბორჯომიდან, სადაც აგარაკი მაქვს”, – აღნიშნულია ბიძინა კუჭავას ჩვენებიდან მოყვანილ ამონარიდში.
ბიძინა კუჭავამ ჩვენება 2007 წელს ვაკეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებითაც მისცა. გოჩა მაღალთაძის სხეულიდანაც სწორედ ის უიშვიათესი მასრა ამოიღეს, რაც რამდენიმე წლის შემდეგ ნინუების ბინაში იპოვეს. ელექტროგამათბობელი ჩართული იყო და კვალის გასაქრობად, ყველგან დაფქული წიწაკა იყო მოყრილი, მაღალთაძესაც სასიკვდილო ჭრილობა საფეთქელთან ჰქონდა მიყენებული.
ნინუების სასამართლო პროცესზე მაღალთაძის მეგობარმა ვაჟა ნუცუბიძემ მკვლელობის სავარაუდო მოტივზე ისაუბრა და არ დაუმალავს, რომ ეჭვი ბიძინა კუჭავაზე ჰქონდა, რადგან მას გოჩასთან დიდი ფული ჰქონდა წაგებული. 50 ათასი დოლარი კუჭავას მაღალთაძის ოჯახში უნდა მიეტანა.
“ჩემს მეგობრებთან, მამუკა კუჭავასთან, გია გოგიბერიძესთან და ნუკრი ჭინჭარაძესთან ერთად ტელეკომპანია “იბერვიზიის” ჩამოყალიბება დავიწყეთ და გავხდი დირექტორის მოადგილე. იქ ვიმუშავე 1993 წლამდე. ამის შემდეგ ჩამოვაყალიბე კერძო ტელეკომპანია, რადიო და გაზეთი “საქართველოს ხმა”.
2001 წლიდან ვფლობდი 16 პროცენტს ყოფილ კაზინო “ასტორია პალასში”, რომელიც ოფიციალურად მამაჩემის სახელზე იყო გაფორმებული. თავიდან დამფუძნებლები იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ჩემი მეგობარი პაატა ქანდაურაშვილი. შემდეგ ეს წილები შეისყიდა თამაზ გალუაშვილმა, რომელიც ასევე ჩემი მეგობარია. 2004 წლამდე იფუნქციონირა კაზინომ, მერე მოიმატა გადასახადებმა და ამიტომ დაიხურა…
2002 წელს გავიცანი მამუკა გუგეშაშვილი, მეტსახელად “გუგულა” და გოჩა მაღალთაძე. ერთად ვთამაშობდით მათ კაზინოში, რომელიც ყოფილი ცეკავშირის შენობაში იყო. შემდგომ “გუგულას” და მაღალთაძეს ურთიერთობა გაუფუჭდათ. გოჩა მაღალთაძესთან დამიდვია ფსონები. იყო პერიოდი 40-50 ათას დოლარს ვაგებდი, შემდეგ თამაში გამიგრძელებია და საბოლოოდ მე ვიყავი მოგებული 8-12 ათას დოლარში, ეს ფული გოჩა მაღალთაძის სიკვდილის შემდეგ არც მომიკითხავს…
კითხვაზე, ვიმყოფებოდი თუ არა რუსეთში მაღალთაძის მკვლელობამდე ან მის მერე, გიპასუხებთ, რომ მიწევდა სისტემატურად საზღვარგარეთ სიარული, თურქეთში, უკრაინაში”, – აღნიშნულია ბიძინა კუჭავას ჩვენებაში.
წყარო: “კვირის პალიტრა“