“თქვენი სიმღერა არ მომიპარავს, ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მოხდა” – რას აცხადებენ სომეხი კომპოზიტორი და მომღერალი?

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა სომხურმა ვიდეორგოლმა ქართველ საზოგადოებაში უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. კლიპში, სადაც სომხურ ენაზე სიმღერას სერობ არჯემიანი ასრულებს, გამოყენებულია ქართული მუსიკალური კულტურის ნიმუშის, სიმღერის “ყვავილების ქვეყნის” მელოდია. თან მინიშნებულია, რომ ტექსტის ავტორი თავად მომღერალია, ხოლო მუსიკა თურმე მანუკ ხაჩატრიანს ეკუთვნის.
საზოგადოებაში შექმნილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ სერობ არჯემიანი და ასევე ამ სიმღერის კომპოზიტორად გამოცხადებული მანუკ ხაჩატრიანი აკეთებენ განმარტებას.
არჯემიანის თქმით, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მსგავსი სიმღერა უკვე არსებობდა.
“ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და თუ საჭირო გახდება შეგვიძლია თბილისში ჩამოვფრინდეთ კიდეც. არ მომწონს ეს სიტუაცია, რაც ახლა ხდება და ეს პრობლემა გონივრულად უნდა მოვაგვაროთ, თქვენს სიმღერას მხოლოდ გარკვეული ნაწილი – მისამღერი ემთხვევა, მაგრამ ყველაფერი რომც ემთხვეოდეს – რა მოხდა მერე? – სიმღერის ტექსტი თითქმის მთლიანად მე დავწერე. წავედი სომხეთში, რომ ტექსტისთვის სიმღერა და არანჟირება გაეკეთებინათ. რამდენიმე დღის შემდეგ კი, გამომიგზავნეს არანჟირება. მომეწონა მუსიკა და ჩავწერე სიმღერაც! არ ვიცოდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი სიმღერა უკვე არსებობდა“,- აცხადებს სერობ არჯემიანი.
კითხვაზე – ახლა, როცა მან გაიგო, რომ სიმღერას ქართველი ავტორი ჰყავს, აპირებს თუ არა აღნიშნოს ამის შესახებ, არჯემიანი ამბობს, რომ ეს მანუკმა უნდა განაცხადოს.
“სამწუხაროდ, ამას მე არ ვწყვეტ, ეს უნდა განაცხადოს მანუკმა, რომელიც ჩემი მუსიკის ავტორია. თუ ის ამას აღიარებს, ჩემთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება “ევროვიზიაზე გასვლას”, ამჯერად არ მივდივარ, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საქმეა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ ამის დრო მოვა, აუცილებლად წავალ“,-აღნიშნავს არჯემიანი.
მანუკ ხაჩატრიანს რაც შეეხება, ის წარმოშობით გუიმრიდან არის, ხოლო ამჟამად რუსეთში, სამხრეთ სახალინში ცხოვრობს და, თავის მუსიკალურ ჯგუფთან ერთად, ხშირად მღერის ქორწილებსა და სხვა დღესასწაულებზე. ხოლო სერობს მეგობრების საშუალებით დაუკავშირდა.
“ეს მუსიკა ჩემით დავწერე, აღმოჩნდა, რომ მისამღერი ქართული სიმღერის მელოდიას დაემთხვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობაა. არავისი მუსიკა არ მომიპარავს არც აქამდე და არც ახლა. ვწუხვარ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა, თუმცა, გარწმუნებთ, მთელი სიმღერის მელოდია დავწერე. აქამდე არც მომისმენია ეს ქართული სიმღერა. ჩვენ მსგავსებები ნებისმიერ სიმღერაში შეიძლება ვიპოვოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმღერა კოპირებულია, უბრალოდ ერთმანეთს ჰგავს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ჩემი ინტუიციით შექმნილი მელოდია, ტექსტი სერობმა დაწერა, ხოლო მუსიკა და არანჟირება მე გავაკეთე. რაც შეეხება “ევროვიზიას”, ეს თქვენი ჟურნალისტების მოგონილია! ვწუხვარ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა, თუმცა თქვენი სიმღერა არ მომიპარავს და ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მოხდა“, – აცხადებს მანუკ ხაჩატრიანი.

წყარო: “კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები