ინტერნეტმომხმარებლები ინტერნეტმისამართების ქართული დამწერლობით გამოყენებას შეძლებენ
ინტერნეტმომხმარებლები ინტერნეტმისამართების ქართული დამწერლობით გამოყენებას შეძლებენ,- ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სახელებისა და ნომრების ინტერნეტკორპორაციამ (ICANN) საქართველოს ოფიციალურად მიანიჭა უფლება, საინტერნეტო მისამართები დაწეროს მხედრული ანბანითა და შემდეგი დაბოლოებით: „გე“.
ამავე განცხადების თანახმად, საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი კი საქართველოსთან ასოცირებული ინტერნაციონალიზირებული ზედა დონის დომენების კოორდინატორი გახდა.
„ამ ეტაპზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა სარგებლობს არალათინური დამწერლობის გამოყენებით გლობალურ ქსელში დომენური სახელწოდებების გამოყენების პროცესში, რომლებიც სლავურ-კირილურ, არაბულ, ინდურ, ჩინურ და ებრაულ დამწერლობას იყენებენ.
სიახლე ქართული ინტერნეტსივრცისათვის რამდენიმე კუთხით არის მნიშვნელოვანი. გლობალიზაციის პროცესის ფონზე, ქართულენოვანი საინტერნეტო მისამართები გაზრდის ქართული ენის გამოყენებას ინტერნეტსივრცეში და ხელს შეუწყობს მისი თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ასევე, ქართულენოვანი ინტერნეტმისამართების ამოქმედებით ინტერნეტის მოხმარებას შეძლებს გაცილებით მეტი აბონენტი, განსაკუთრებით რეგიონებში და სოფლად, სადაც მოსახლეობა ნაკლებად ფლობს უცხო ენას; ქართულენოვანი ინტერნეტმისამართების ამოქმედებით, მოსახლეობა შეძლებს დაბრკოლების გარეშე გამოიყენოს ქართული ვებგვერდები, მაგალითად, თუნდაც ინტერნეტბანკინგი, ან შემეცნებითი და გასართობი ინტერნეტგვერდები და სხვა; საინტერესო სიახლე იქნება ასევე, სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ჯერ არ ფლობენ უცხო ენებს.
კერძოდ, ისინი მშობლის დაუხმარებლად შეძლებენ ისეთი დავალებების მომზადებას, რომელიც ინტერნეტის მოხმარებას მოითხოვს, ანუ მოსწავლეებს მიეცემათ ინტერნეტსივრცეში განთავსებული ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებისა და დამუშავების შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათი დამუკიდებლად მუშაობის უნარის ამაღლებასა და თვითგანვითარებას; და რაც მნიშვნელოვანია, უცხოეთის ქართულ დიასპორაში ხელს შეუწყობს მათი მომავალი თაობებში ქართული ენის და დამწერლობის ცოდნის შენარჩუნებას.
2016 წლის 20 იანვრიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრმა დაიწყო წინასწარი რეზერვაციის პროცესი სახელმწიფო საჭიროების, სავაჭრო ნიშნის შემცველი ან „ge“ ზონაში არსებული საინტერნეტო მისამართების შესატყვისი „გე“ ზონის დომენების სარეზერვო ბაზის შესაქმნელად.
წინასწარი რეგისტრაციის პროცესის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ „გე“ ზონის დომენების რეგისტრაცია ხდება საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისათვის როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების რეზიდენტთათვის, ონლაინპროცედურით საიტზე: „რეგისტრაცია. გე“.
საქართველო 2005 წლის თებერვალში მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტკორპორაციის ICANN-ის მე-100 სამთავრობო წევრი გახდა. ქვეყნის ინტერესებს ზემოაღნიშნულ კომიტეტში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს“,-ნათქვამია განცხადებაში.