იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცემათ
საქართველოს მასშტაბით 307 ოჯახს სახელმწიფოსგან უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცემა. აღნიშნული უძრავი ქონება თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ხაშურში და ამ ქალაქების მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებში მდებარეობს.
2013 წლიდან დღემდე 6442 დევნილ ოჯახს სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცათ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან კოორდინაციით მიმდინარეობს დევნილის სტატუსის მქონე პირთათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პროცესი.
ამასთან, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის გამოყოფილი იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-მდე შენობა-ნაგებობა. აღნიშნულ შენობებზე მიმდინარეობს დევნილთა სამინისტროს მხრიდან სხვადასხვა სამუშაოები (აზომვითი, სარეგისტრაციო, სარემონტო და ა.შ) და მათი დასრულების შემდგომ მოხდება ქონების იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კერძო საკუთრებაში გადაცემა.