რუსულმა არმიამ უკრაინული წყალქვეშა ხომალდი „ზაპოროჟიე“ დააკავა
რუსულმა არმიამ ერთადერთი უკრაინული წყალქვეშა ხომალდი- “ზაპოროჟიე” დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, ხომალდს ხმოვანი ხელყუმბარები დაუშინეს, რუსული მედიის ცნობით კი, “ზაპოროჟიე” რუს სამხედროებს გემის ხელძღვანელმა თავად ჩააბარა.
უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები და კონკრეტულად სად იმყოფება ახლა წყალქვეშა გემი. მდგომარეობის დაძაბვის ფონზე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური აცხადებს, რომ ყირიმიდან უკრაინელი სამხედროების გამოყვანის საკითხი არ განიხილება. პარალელურად, ვრცელდება ცნობა, რომ ეუთომ უკრაინაში დამკვირვებლების საგანგებო მისიის გაგზავნა გადაწყვიტა. ორგანიზაციის დამკვირვებლები ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში ჩავლენ. მათი ოფისები ხერსონში, ოდესაში, ლვოვში, ივანო-ფრანკოვოში, ხარკოვში, დონეცკში, დნეპროპეტროვსკში, ლუგანსკსა და კიევში გაიხსნება. ყირიმში ეუთო მისიას არ გზავნის – თავის მხრივ, რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაცია დამკვირვებლებს ნახევარკუნძულზეც გაგზავნიდა, მათ ტერიტორიაზე არ შეუშვებდნენ.
“ყირიმი უკვე რუსეთის ტერიტორიაა და ეუთოს იქ მუშაობის მანდატი არ აქვს”,- აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა ორგანიზაციაში.