საკრებულოს დეპუტატები „სინათლის ქალაქის “ ხელმძღვანელის მიერ ერთი წლის ანგარიშის წარდგენას დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელმა თორნიკე კიზირიამ უწყების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ერთი წლის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის მოსმენას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს დეპუტატები, ასევე თბილისის მთავრობის წევრები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
თორნიკე კიზირიამ „სინათლის ქალაქის“ მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე დეტალურად ისაუბრა და ყურადღება დედაქალაქის მასშტაბით გარე განათების ქსელის განვითარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, გასულ წელს თბილისში გარე განათების ქსელი იმ ადგილებში მოეწყო, სადაც განათება ამ დრომდე არ არსებობდა.
მისივე განცხადებით, გარე განათების ქსელის განვითარება მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება. ქალაქის მასშტაბით გარე განათების ქსელის განვითარების სამუშაოების გარდა, „სინათლის ქალაქის“ დირექტორმა მხატვრული მინათების სამსახურის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2015 წელს სამსახურმა 20-მდე ობიექტზე მხატვრული მინათება დაამონტაჟა და 19 სკვერში გარე განათება აღადგინა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, თორნიკე კიზირიამ სტუმრებსა და მედიის წარმომადგენლებს „სინათლის ქალაქის“ მიერ დაგეგმილი სამომავლო პროექტებიც გააცნო. მან ყურადღება დედაქალაქის განათების, ენერგოდამზოგავი სისტემებით ჩანაცვლებაზე გაამახვილა და დასძინა, რომ თბილისის მერია და „სინათლის ქალაქი“ უმნიშვნელოვანეს პროექტზე მუშაობენ, რაც თბილისში არსებული სანათების დიოდური, ე.წ. LED სანათებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. კიზირიას განმარტებით, ტენდერის დასრულების შემდეგ თბილისი მთლიანად დიოდური სანათებით განათდება, რაც დედაქალაქს ელექტროენერგიის 60–70 პროცენტიან ეკონომიას მოუტანს. საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში თბილისის ანძაზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები