ანკარაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია — გამოძიებაში ლიბიელი სპეციალისტები ჩაერთვნენ
ლიბიის დელეგაციის მგზავრობისას ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთი იპოვეს,- ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევები 3 კვადრატულ კილომეტრზე გაიფანტა.
„თვითმფრინავმა, რომელშიც რვა ადამიანი იმყოფებოდა – ლიბიის დელეგაციის ხუთი წევრი და ეკიპაჟის სამი წევრი – ტექნიკური გაუმართაობის შესახებ შეტყობინება გაავრცელა. შემდგომში თვითმფრინავთან კონტაქტი გაწყდა. ჩვენი დანაყოფები დაუყოვნებლივ გაგზავნეს ტერიტორიაზე და დაიწყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციები.
ნამსხვრევების ველი 3 კვადრატული კილომეტრის ფართობს მოიცავს. თვითმფრინავის აუდიოჩანაწერი ჩამოვარდნის ადგილას დილის 2:45 საათზე იპოვეს, ხოლო შავი ყუთი – დილის 3:20 საათზე. მონაცემების ანალიზი უკვე დაწყებულია”,- აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ოპერაციაში სულ 408 სპეციალისტი, 103 სახმელეთო და 7 სადესანტო მანქანაა ჩართული, დრონები კი სურათებს აგროვებენ. ყველა საჰაერო და სახმელეთო ძალები აგრძელებენ მოქმედებას.
მინისტრის განცხადებით, გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად, ლიბიიდან 20 სპეციალისტისგან შემდგარი დელეგაცია ჩავიდა.