კირცხალია – ოპოზიციაზე: ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული
“ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული. დასტურდება კიდევ ერთხელ, რომ მათ საზოგადოების პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე საკითხები არ აინტერესებთ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხზე ოპოზიციის კრიტიკა მათ რეალურ მიზნებზე მეტყველებს.
„ოპოზიციის განცხადებები კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ რეალურ მიზნებზე. არაფერს ვამბობ იმ სახელ და გვარებზე, რომლებიც დგანან უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიების უკან. იმის შიშით, რომ არ გამომჟღავნდეს ვინ იქცევა არაკეთილსინდისიერად, ამათი [ოპოზიციის] რეალური სახე ვნახეთ. ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული. დასტურდება კიდევ ერთხელ, რომ მათ საზოგადოების პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე საკითხები არ აინტერესებთ, აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი მერკანტილური, აგენტურული ვნებები და მიზნები. [პრემიერის] განცხადებიდან ერთ წუთში დადგნენ მაღალი ფასების მხარეს.
რაც შეეხება ხაზარაძეს და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას და იმ ორმაგ სტანდარტებს, რითაც ეს აგენტურა მოქმედებდა ჩვენს ქვეყანაში, თუ იქნება კითხვები, [საპარლამენტო] კომისიაზე აუცილებლად მოუწევთ მოსვლა“, – აღნიშნა კირცხალიამ.