ლევან მეხუზლა: ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, მიმდინარე წელს პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა
„2025 წელი, მიუხედავად გამოწვევებისა, ქართული მეღვინეობისთვის წარმატებული იყო -გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის, 340 ათასამდე ტონა ყურძნის მოსავალი. 21-ე საუკუნეში ამ რაოდენობის ყურძენი არ გადაგვიმუშავებია. აღსანიშნავია ასევე, რომ პანდემიის შეფერხებების შემდეგ, ქართული ღვინო წარმატებით იყიდება აზიის, კერძოდ, ჩინეთის ბაზარზე; გასულ წელთან შედარებით გაიზარდა ქართული ღვინის საექსპორტო ფასი“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ 2025 წლის საქმიანობის შეჯამებისას, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მისი განცხადებით, ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მიმდინარე წელს გადაიდგა პირველი ნაბიჯი, როდესაც რთველის დროს ყურძნის ფასი განსხვავებული იყო.
„რთველის დროს, იმ კომპონენტში, სადაც სახელმწიფოს უწევდა ჩარევა, მთავარი სიახლე იყო ის, რომ განვსაზღვრეთ ხარისხის მაჩვენებელი და განსხვავებულ ფასს ვიხდიდით შედარებით დაბალი ხარისხის ყურძენში, რომელიც გადამუშავდა სასპირტე მიმართულებით. აღნიშნული ემსახურება მიზანს, რომ დარგი გახდეს კიდევ უფრო წარმატებული. ქართული ღვინო, იმ მძაფრი კონკურენციის პირობებში, რომელიც არის გლობალურ ბაზარზე, აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებული, უმაღლესი ხარისხის, უნიკალური თვისებების მატარებელი და ამ ყველაფრის საწინდარია ვენახი და ყურძენი. მომავალ წელს ეს მექანიზმი კიდე უფრო გამკაცრდება და დაიხვეწება“, – აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ქართული ღვინის საერთაშორისო პოზიციების გამყარებას ემსახურება „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონის“ ცვლილებები, რომელთაგან ერთ-ერთი ითვალისწინებს მომავალი წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.
„აღნიშნული ცვლილება გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო გაამყარებს ქართული ღვინის პოზიციებს საერთაშორისო ბაზარზე. ვენახის გაშენების დროს სწორად უნდა შეირჩეს ნიადაგი, ნერგი, ექსპოზიცია. ეს ცვლილებები ეხება მხოლოდ კომერციულ ვენახებს და არ ეხება უკვე გაშენებულს. ასევე არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის გეგმავს. ახალი, კომერციული ვენახის გაშენების პირობა გაიწერება შესაბამის ნორმატიულ აქტში; გათვალისწინების შემთხვევაში, არავის შეექმნება თანხმობის მიღების პრობლემა“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.