ირაკლი კირცხალია – ვარლამ ლიპარტელიანის არჩევაზე: ძალიან თამამად ვიტყვი, რომ დღევანდელი დღე შეიძლება ჩაითვალოს გარდამტეხ დღედ ამ უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციისთვის, რასაც ახალგაზრდული ორგანიზაცია ჰქვია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანის არჩევას გამოეხმაურა.
„ძალიან თამამად ვიტყვი, რომ დღევანდელი დღე შეიძლება ჩაითვალოს გარდამტეხ დღედ ამ უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციისთვის, რასაც ახალგაზრდული ორგანიზაცია ჰქვია. მე მინდა მივულოცო ბატონ ვარლამს. ის არის სამაგალითო ქართველი თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი, თავის სულისკვეთებით და ქვეყნისადმი სიყვარულით და თვისობრივად ახალ დონეზე და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს ახალგაზრდულ მოძრაობას.
ზოგადად, როდესაც პრიორიტეტებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდული აქტივობები და ის სიჯანსაღე, რომელიც ძალიან თვალნათელი იქნება ბატონი ვარლამის მოღვაწეობისას არის უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი ქვეყნისთვის. ქვეყნისთვის, რომელიც ზრუნავს თავის მომავალზე. შენ ვერ დაგეგმავ მომავალს, თუ არ ფიქრობ შენს მომავალ თაობაზე და შენს ახალგაზრდობაზე“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.