აშშ-ს რამდენიმე შტატში, მოსალოდნელი ტერაქტის გამო, ათობით სასწავლებელი დაიხურა
ტერაქტების განგაში გამოცხადდა ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში. სამართალდამცველებმა 40 სკოლა დახურეს და ევაკუაცია განახორციელეს.
პოლიციის ინფორმაციით, ნიუ–ჯერსის შტატში მდებარე 26 სასწავლებელში სატელეფონო ზარი შევიდა, სადაც ავტორი მოსალოდნელი აფეთქებებისა და სროლის შესახებ საუბრობდა. ყველა სკოლაში გამნაღმველები გამოიძახეს, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოუჩენიათ. მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს აიოვას, დელავერისა და მასაჩუსეტის სკოლებშიც. ბოსტონში ძალოვანებმა 9 სასწავლებელი შეამოწმეს. პოლიცია მობილიზებული იყო ბოსტონის მეტროსთანაც. ერთ-ერთ სადგურზე დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი დაჭრა. ძალოვანები სკოლებში გამოცხადებულ განგაშსა და მეტროში მომხდარ ინცინდენტს შორის კავშირის დადგენას ცდილობენ.