ოზურგეთის გამგეობამ მოხუცთა თავშესაფარს საჩუქრები გადასცა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ასწლოვან ქალბატონებს, მოქმედ საბავშვო დღის ცენტრებსა და მოხუცთა თავშესაფარს საჩუქრები გადაეცათ.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად, სოფელ ცხემლისხიდში მცხოვრები 103 წლის ჟენია ცეცხლაძე და 101 წლის მაგარიტა ქილიფთარი მოინახულეს და საჩუქრად ტკბილეული გადასცეს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სოფელ ნატანებში მცხოვრებ უხუცესს, 102 წლის – გულა ბაკურაძესაც ესტუმრნენ. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ბავშვთა დღის ცენტრს ეწვივნენ, მოგვიანებით კი ანასეულის მოხუცთა თავშესაფარში გადაინაცვლეს. სპეციალურად მათთვის მომღერალ – მგალობელთა გუნდმა „შემოქმედმა“ რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა. გარდა ნობათისა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უხუცესებს პირად ანგარიშზე 300 ლარის ოდენობის ფულადი თანხა დაერიცხებათ.