მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენციის დასკვნით დღეს 2025 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენციის დასკვნით დღეს 2025 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და საქართველოს დიპლომატიური სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო ამოცანები შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს დავასრულეთ საქართველოს ელჩების კონფერენცია. ეს იყო კარგი შესაძლებლობა განგვეხილა ყველაფერი, რაც მოხდა 2025 წლის მანძილზე, შეგვეფასებინა, რა გარემო იყო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების თვალსაზრისით, გვემსჯელა სამომავლო ნაბიჯებზე, იმ საკითხებზე, რაც შესაძლოა აქტუალური იყოს 2026 წლის განმავლობაში ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ რთულ და არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ გარემოზე და ხაზი გაუსვა დიპლომატიური სამსახურის როლს ეროვნული ინტერესების დაცვაში.

„მოგეხსენებათ, არაპროგნოზირებად გარემოში გვიწევს მუშაობა, საკმაოდ არაპროგნოზირებადია გეოპოლიტიკური გარემო ჩვენი ქვეყნის გარშემო. ჩვენი ქვეყანა ერთგვარად ცენტრშია იმ მოვლენების, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ დიპლომატიური სამსახურის პრაგმატულ და ეროვნულ ინტერესებზე გათვლილ საქმიანობას“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის აუცილებლობაზე და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო კამპანიებზე.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ის ნაბიჯები, რაც ქვეყნის მიერ იდგმება საერთაშორისო საზოგადოებამდე სწორად იყოს მიტანილი გზავნილები. იცით, რომ საკმაოდ დიდი კამპანიები მიმდინარეობდა საქართველოს წინააღმდეგ. როდესაც საუბარია საინფორმაციო კამპანიებზე, ძალიან რთულია მწირი რესურსით გაუმკლავდე ამ შემოტევებს, რა შემოტევების ობიექტიც არის ჩვენი ქვეყანა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში არის ის სიმტკიცე, რაც სჭირდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა 2025 წელი ქვეყნისთვის დადებითად შეაფასა და ყურადღება გაამახვილა მშვიდობასა და სტაბილურ განვითარებაზე.

„იმ გამოწვევების თვალსაზრისით, რა გამოწვევებიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, როგორც გეოპოლიტიკურად, ასევე ქვეყნის შიგნით, რამაც გარკვეული დარტყმები მიაყენა თავად საგარეო სამსახურსაც, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, ჩვენს ქვეყანას შეუძლია სტაბილური, ეკონომიკური განვითარება და პარტნიორებთან აქტუალურ საკითხებზე საუბარი, ჩვენ შეგვიძლია, შევაფასოთ, რომ ეს წელი იყო წარმატებული.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონტაქტები ყველასთან, ვისაც სურს საქართველოსთან კონტაქტი და კავშირი, არაფერს არ ვკარგავთ ჩვენ. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ასე გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები