სემეკის თავმჯდომარე და რუსთავის მერი „ჯივიპის“, „ენერგო პრო ჯორჯიასა“ და „საქორგგაზის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ელექტროენერტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს კომუნალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით 2025 წელს რუსთავში განხორციელებული პროექტები და 2026 წლის გეგმები, იმსჯელეს მუნიციპალიტეტსა და კომუნალურ კომპანიებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბაღუა, სემეკის წევრი გოგი ფრუიძე და სემეკის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სს „ენერგო პრო ჯორჯია“ და სს „საქორგგაზი“ კომუნალური მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისათვის 2026 წელს ახალ საინვესტიციო პროექტებს განახორციელებენ. ამასთანავე, დასრულდება მიმდინარე პროექტები.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკი მკაცრ მონიტორინგს უწევს კომპანიების მიერ განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც შეთანხმებულია კომისიასთან და მიზნად ისახავს როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომსახურებების გაუმჯობესებას.

„სემეკთან შეთანხებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის 2024-2026 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების ჯამმა 46 მილიონი ლარი შეადგინა. 2024 წელს დაგეგმილი იყო 18,1 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება, თუმცა კომპანიამ უფრო მეტი მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. რაც შეეხება 2025 წელს, მიმდინარე წელს განხორციელდა 15,5 მლნ ლარის ინვესტიცია, ხოლო 2026 წელს დაგეგმილია 12,4 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება. რაც შეეხება „საქორგაზს“, კომპანიამ 2025 წელს რუსთავში განახორციელა 1 970 000 ლარის ინვესტიცია, ხოლო “ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ რუსთავის ელექტრომომარაგების მიზნით 8 457 010 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

2026 წელს გაგრძელდება საინვესტიციო პროექტების განხორციელება როგორც წყალმომარაგების, ასევე ბუნებრივი გაზისა და ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისათვის”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები