დავით უსუფაშვილი ლაიმდოტა სტრაუჟუმას შეხვდა

ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა ქვეყნის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ლაიმდოტა სტრაუჟუმასთან გამართა.
ლაიმდოტა სტრაუჟუმამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მიღება მიულოცა. მისი თქმით, ის მოხარულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას მიმდინარე წელს შეძლებენ. ლატვიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელის განცხადებით, ლატვია მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევის პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, არსებობს სფეროები, სადაც თანამშრომლობის უფრო გააქტიურება შესაძლებელია, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და განათლების მიმართულებით.
დავით უსუფაშვილმა ლაიმდოტა სტრაუჟუმას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთივე აქტიური მხარდამჭერი და პარტნიორია საქართველო ლატვიისთვის და ასე გაგრძელდება მომავალშიც.
დავით უსუფაშვილის თქმით, ის მოხარულია, რომ იზრდება ლატვიელების რიცხვი, რომლებიც საქართველოს როგორც ტურისტული, ასევე, ეკონომიკური პოტენციალით არიან დაინტერესებულნი.
შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ არტ ნოვოს მუზეუმი დაათვალიერა.
დღესვე დავით უსუფაშვილმა ინტერვიუ მისცა ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლეტას“, სადაც საქართველო-ლატვიის ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, რეგიონული და გლობალური გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც დავით უსუფაშვილთან ერთად თედო ჯაფარიძე, გიორგი კახიანი, მიხეილ მაჭავარიანი და ვიქტორ დოლიძე შედიან, ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს 19 იანვარს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები