ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე: პრემიერის ახალი ინიციატივები მხოლოდ წაადგება კონკურენციის გაძლიერებას საცალო ქსელში ფასების დასტაბილურების მიმართულებით

“მსურს შევეხო პრემიერის გუშინდელ გამოსვლას მაღალ სასურსათო ფასებთან დაკავშირებით, რომელიც ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ევროპულ ფასებსაც კი. თუ რა არის ამის რეალური მიზეზი მომავალში გაცილებით მეტი გვეცოდინება. სულაც არ არის გამორიცხული ზე-მაღალი მოგების მარჟიდან და ცალკეულ სასურსათე პროდუქციაზე ფასების ორნიშნა ნახტომიდან გამომდინარე, იგი იყოს კარტერული გარიგებების შედეგი,” – ამის შესახებ ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში წერს.

ცუცქირიძე განმარტავს, რომ არსად ევროკავშირში, ფასნამატი მწარმოებლის ფასსა და რეალიზაციის ფასს შორის დისტრიბუციის ჩათვლით, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ აღემატება 40-50 პროცენტს.

მას მიაჩნია, რომ ირაკლი კობახიძის გუშინდელი გამოსვლა ლოგიკური და დროულია, ვინაიდან, წლიური ინფლაციის ზრდასა და შემცირებაზე, დიდწილად სწორედ სურსათის ფასები მოქმედებს, შესაბამისად, ცუცქირიძე აცხადებს, რომ პრემიერის ახალი ინიციატივები მხოლოდ წაადგება კონკურენციის გაძლიერებას საცალო ქსელში ფასების დასტაბილურების მიმართულებით.

“მსურს შევეხო პრემიერის გუშინდელ გამოსვლას მაღალ სასურსათო ფასებთან დაკავშირებით, რომელიც ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ევროპულ ფასებსაც კი. თუ რა არის ამის რეალური მიზეზი მომავალში გაცილებით მეტი გვეცოდინება. სულაც არ არის გამორიცხული ზე-მაღალი მოგების მარჟიდან და ცალკეულ სასურსათე პროდუქციაზე ფასების ორნიშნა ნახტომიდან გამომდინარე, იგი იყოს კარტერული გარიგებების შედეგი. ყოველ შემთხვევაში აქვე განვმარტავ, რომ არსად ევროკავშირში ფასნამატი მწარმოებლის ფასსა და რეალიზაციის ფასს შორის დისტრიბუციის ჩათვლით, იშვიათი გამონაკლისის გარდა არ აღემატება 40-50 %-ს, ეს სასურსათე პროდუქციასაც ეხება და მედიკამენტებსაც. აღნიშნული შეზღუდვები დაწესებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის გამო, სასურსათე და სამედიცინო პროდუქციაზე მაღალი სოციალური წნეხის შესარბილებლად, რაც არანაირ კავშირში მოთხოვნა-მიწოდების პრინციპთან არ არის, განსხვავებით არა პირველადი მოხმარების საქონლისაგან. რა დასამალია, ჩვენთან ფასნამატი ამ სახის პროდუქციაზე არც თუ იშვიათად არა თუ 50 %, არამედ 500 %-საც კი აღემატება. ეს საკითხები მოთხოვნა-მიწოდების პრინციპიდან, რომ რეგულირდებოდეს მაშინ ევროკავშირის ქვეყნებში არც მონოპოლიური კანონმდებლობა იარსებებდა და არც შესაბამისი კონტროლის სამსახურები, რაც უზრუნველყოს კეთილსინდისიერი კონკურენციის ჩარჩოს და იცავს ეკონომიკას კარტერული შეთანხმებებისაგან. პრემიერის გამოსვლა განსაკუთრებით ოპოზიციურ საექსპერტო წრეებში ტრადიციულად დაგმეს და ფასებზე და შესაბამისად ბიზნესზე კონტროლის დაწესების მცდელობად მონათლეს, თითქოს ის ეწინააღმდეგება საბაზრო კონკურენციის პრინციპებს. მიმაჩნია, რომ პრემიერის გუშინდელი გამოსვლა სავსებით ლოგიკური და დროულია, რადგან წლიურ ინფლაციაზე ზრდის ან შემცირების მიმართულებით დიდწილად სწორედ სურსათის ფასები მოქმედებს. თუნდაც ნოემბრის ინფლაციაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წვლილი 3.5 პპ (პროცენტული პუნქტი) იყო. ამ ჯგუფის წონა საქართველოს სამომხმარებლო კალათაში დიდია (34.5%) და შესაბამისად, მისი ფასების ცვლილების გავლენა ინფლაციაზე მნიშვნელოვანია. ნიშანდობლივია, რომ თუ განვიხილავთ ფასების ცვლილებას სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, სურსათზე და არაალკოჰოლური სასმელებზე 2025 წლის ბოლოს მონაცემებით, ამ ჯგუფის წლიური ზრდა იყო 10.3 % – 11.9 % (სექტემბერში და ნოემბერში), რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წვლილია ჯამურ ინფლაციაში. განსაკუთრებული ზრდის სუბკატეგორიებია:

• ხილი და მარცვლოვანი +21 %

• ბოსტნეული +19 %–25 %

• შაქარი, შოკოლადი და დანარჩენი ტკბილეული ~15 %–17 %

• თევზი ~15 %

• ზეთები და ცხიმები ~13 %–20 %

• წვენები +7 %

როგორც ვხედავთ სწორედ ეს ჯგუფია ყველაზე მოწყვლადი და დიდი წვლილი აქვს ინფლაციაში და ხშირად არის ყველაზე ცვალებადიც, ამიტომ ფულის ხარჯვისას და საქონლის შეძენის თვალსაზრისით სამომხმარებლო კალათაში მისი გავლენა შედარებით მაღალია. პოპულიზმის და დემაგოგიის მაგალითად გამოდგება სებ-ის დადანაშაულება სალარე მასის ზრდაში და ინფლაციაში რეზერვების ზრდის შედეგად ბაზარზე სავალუტო ინტერვენციების გამო. ეს სულ მინიმუმ არასერიოზულია,როგორც ეკონომიკური განხრის ექსპერტების, მით უმეტეს ლამის ტელეკომენტატორად ქცეული სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, თითქოს სებ-ს ფულის მასაზე ზემოქმედების ბერკეტები არ გააჩნდეს. ამ დროს რეფინანსირების აუქციონების დროს კომბანკებისათვის რეფინანსირების სესხების მოცულობის კორექტირებით ხდება ინტერვენციების ზეგავლენის გათვალისწინება და ფულის მასის დაბალანსება დროის შესაბამის ინტერვალში. კერძოდ, სადოლარე შესყიდვებისას ბაზარზე გარკვეული მოცულობის ლარის გამოსვლა, აკლდება რეფინანსირების აუქციონის დროს მიწოდებულ სალარე მასას, რადგან ლარის ნაწილი დოლარის შესყიდვის დროს ისედაც მიეწოდება ბაზარს. კონკრეტულად თუ 2024 წელს რეფინანსირების აუქციონებით ბაზარს ყოველ კვირას მიეწოდებოდა 4-5 მილიარდი ლარი ლიკვიდობის სამართავად, ახლა მიწოდება შემცირებულია თითქმის 2 ჯერ. აქ აღარ დავუბრუნდები იმავე საზოგადოების მხრიდან სხვა ადრინდელ ‘საპნის ბუშტის“ პროგნოზებს ეკონომიკის ჩამოქცევაზე, ინვესტორთა გაქცევაზე, საბანკო სექტორის დასანქცირებაზე და სერიოზულ სარესურსო პრობლემებზე, კურსის მკვეთრი გაუფასურებისა თუ სავალუტო რეზერვების კატასტროფულ შემცირების პროგნოზებზე და ა.შ.

2025 წლისათვის მოგეხსენებათ სსფ-ის კონსერვატიული პროგნოზით ეკონომიკის ზრდა იქნება 7.2 %(რეალურად უფრო მაღალიც იქნება), რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია როგორც სამეზობლოში, ისე ევროპა-აზიის კონტინენტზე, ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან გაუმჯობესებულია BB დონეზე პერსპექტივიდან სტაბილურობამდე, სსფ-ისვე შეფასებით საბანკო სისტემა მდგრადია და კარგად კაპიტალიზირებული ანუ რისკებისაგან დაცული, გაცვლითი სავალუტო კურსი არის სტაბილური, ან რომელ ინვესტორთა გაქცევაზეა საუბარი, როდესაც მარტო 2025 წელს წამყვანმა ქართულმა კომპანიებმა 900 მილიონამდე ობლიგაციური ემისია განახორციელეს?! ხოლო რეზერვების მოცულობა სულაც ისტორიულ მაჩვენებელზეა და ნოემბერში 5.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რაც მთავარია, IMF-ის მონაცემებით 2025 წელს საქართველოს რეზერვები ფარავს დაახლოებით ~3 თვის იმპორტს, რაც უკვე გადის მინიმალური ადექვატურობის ზღვარზე და ითვლება რისკების მინიმალურ ბუფერად, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რეზერვების დაგროვება გრძელდება და წლის ბოლოს 6 მილიარდს გადააჭარბებს, ჩვენ ვუახლოვდებით კიდევ ერთ ისტორიულ შედეგს გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, რაც BB რეიტინგის ქვეყნების სტანდარტებით 4–6 თვის იმპორტის დაფარვაზე გადის. ამასთან, IMF ARA adequacy metric (სხვადასხვა ეკონომიკური რისკების პროპორციული გაზომვა) ის მიხედვით, 2025-ში ეს მაჩვენებელი უკვე გავიდა დაახლოებით ~100%-ის ზღვარზე რაც ნიშნავს, რომ რეზერვები ზოგიერთ კრიტერიუმში უკვე საკმარისია, და აქვს კარგი პერსპექტივა გავიდეს კიდევ უფრო მაღალ ზღვარზე. ინფლაციას, რომ დავუბრუნდეთ საერთო ინფლაცია კი გაიზარდა, მიმდინარე წელს ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.2 % შეადგინა, თუმცა ნოემბერში, წლიური ინფლაციის დონემ დაიკლო და 4.8% იყო, დეკემბერში მისი დონე კიდევ უფრო დაიწევს, რაც ნიშნავს, რომ ზრდის პიკი გადავლილია, თუმცა ჯერ კიდევ მაღალ დონეზე რჩება. ამავდროულად ინფლაციის შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს საბაზო ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც განსხვავებით მთლიანი ინფლაციისაგან სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ ე.წ „შოკურ ჯგუფებს“ – სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს. ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლობა იძლევა ინფლაციის შეფასების დამახინჯებულ სურათს, რასაც ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტების ნაწილი გვერდს უვლის. ამ დროს საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია შედარებით გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების და ფასების სტაბილურობის შესაფასებლად და რასაც უფრო დეტალურად ხვალ შევეხები. ამასთან, საბაზო ინფლაცია, მომსახურების ფასების ინფლაციასთან ერთად არ გაზრდილა და კვლავ სტაბილურად მიზნობრივ 3%-ს ქვემოთაა, ხოლო ნოემბერში საბაზო ინფლაციამ 2.3% შეადგინა. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაცია, მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება და ნოემბერში 2.6%-ს გაუტოლდა. როდესაც საბაზისო ინფლაცია არის უფრო „დაბალ დონეზე“, მთლიან ინფლაციასთან შედარებით, ეს ნიშნავს, რომ მთელი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ფასებზე (მაგ. უმთავრესი საყოფაცხოვრებო საგნები და მომსახურება) ზრდა არის ზომიერი და ბევრად დაბალი, ვიდრე საერთო ინფლაციის დონე, რაც ასახავს ბაზარზე მერყევი ფასების გარეშე გაცილებით სტაბილურ კონკურენციას, სწორი მონეტარული პოლიტიკის დადებით ეფექტს და ლარის კურსის შედარებით სტაბილურობას. ამასთან, ინფლაციური პიკის გადავლა, მისი შემცირებისაკენ მიანიშნებს უკვე მომავალი წლისათვის მის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბრუნებასაც. მართალია, ფასების სტაბილიზაციაზე საბოლოოდ ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, თუმცა პრემიერის ახალი ინიციატივები მხოლოდ წაადგება კონკურენციის გაძლიერებას საცალო ქსელში ფასების დასტაბილურების მიმართულებით.” – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები