მიხეილ ყაველაშვილი: ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლია ჩვენი საპატრიარქოს და სასულიერო პირების, რადგან ყველაზე კარგად მათ დაინახეს საშიშროება და დადგნენ ხელისუფლების და საქართველოს გვერდით
საზოგადოების უმრავლესობა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას და თანაზიარია იმ პოლიტიკის რა პოლიტიკისაც აწარმოებს მთავრობა, ამიტომაც არის მშვიდობა და სტაბილურობა ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი Live” განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იმაში, რომ საქართველო დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლი საპატრიარქოს და სასულიერო პირებს მიუძღვით.
„სერბეთის პატრიარქმა ძალიან დიდი სიყვარული გამოხატა საქართველოს მიმართ. თავად დამათვალიერებინა წმინდა საბას ტაძარი და ძალიან დიდი სიყვარული გამოხატა ჩვენი პატრიარქის მიმართ. მე არ მახსოვს ასეთი სიყვარულის გამოხატვა სხვა ერების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერს დიდ პატივს ვცემ. ჩვენ ეკლესიას რატომ სცემენ დიდ პატივს, რომ ძალიან მყარად დადგა – ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლია ჩვენი საპატრიარქოს და სასულიერო პირების, რადგან ყველაზე კარგად მათ დაინახეს საშიშროება და დადგნენ ხელისუფლების და საქართველოს გვერდით. დარწმუნებული ვარ, ამ სიყვარულით, ამ ურთიერთობებით აუცილებლად მოხდება ჩვენი გაერთიანება ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთიან საქართველოში. ამისი ძალიან დიდი რწმენა მაქვს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.