ლევან იოსელიანი: თუ ვხედავთ ადამიანების საკმარის რაოდენობას, სრული ლეგიტიმაცია აქვთ, გადაკეტონ გზა, კი ბატონო, უბრალოდ არა სხვა ადამიანების უფლებების ხარჯზე, თორემ ნებისმიერი პროტესტი მისაღებია
ჩვენ თუ ვხედავთ ადამიანების საკმარის რაოდენობას, რა თქმა უნდა, მათ აქვთ სრული უფლება, გადაკეტონ, როგორც საფეხმავლო ადგილი, ასევე სატრანსპორტო სავალი ნაწილი, მაგრამ ასეთი რაოდენობა თუ არ არის, ადამიანთა მცირე ჯგუფს ასეთი ლეგიტიმაცია არ აქვს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
იოსელიანს თამთა სანიკიძემ კითხვა დაუსვა – „ქმნის თუ არა პრობლემას სახალხო დამცველისთვის „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ჩანაწერები და რამდენად თავსებადია ეს საერთაშორისო პრაქტიკასთან, რადგან მიმდინარე წელს განვითარებული მოვლენების ფონზე ცალკეულ უფლებადამცველი ორგანიზაციების, თუ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ისმის კრიტიკა ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან და ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეცვლილ და გამკაცრებულ კანონმდებლობასთან მიმართებით?“.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ცვლილებები ორ ეტაპად განხორციელდა, ორივე შემთხვევაში მის მიერ ცვლილებების პაკეტი გაიგზავნა ეუთო/ოდირში და მათი მხრიდან ცვლილებები ორივე შემთხვევაში ნეგატიურად შეფასდა.
„იქ მთელი რიგი დასაბუთებაა, რატომ ზღუდავს ეს ცვლილებები ადამიანის უფლებებს ცალკეული მიმართულებებით“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს ვერაფერი უნდა შეეხოს, მეორე საკითხია, როგორ გადაწყვეტს სახელმწიფო, ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და აღასრულოს ის კანონი, რომელიც მიიღეს.