სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, სადაც მამა-შვილი ფიგურირებდნენ, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ავსტრალიის შტატის ქალაქ სიდნეიში შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე სასამართლო დოკუმენტები შეიცავს ვიდეომტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებული, ნავიდ აკრამი, და მისი მამა ერთ-ერთ რაიონში თოფებით სროლაში ემზადებოდნენ.

ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციის (ABC) ცნობით, მას შემდეგ, რაც აკრამი საავადმყოფოდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სასამართლო დოკუმენტები გამოქვეყნდა, მათ შორის ბრალდებულის მობილურ ტელეფონში ნაპოვნი ვიდეოები.

საქმის მასალების თანახმად, ვიდეოჩანაწერში, სავარაუდოდ, აკრამი და მისი მამა ახალი სამხრეთ უელსის სოფლის რაიონში არიან, სადაც ისინი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წვრთნის ფარგლებში იარაღიდან ისვრიან.

როგორც მედია წერს, სასამართლო საქმეში შეტანილ კიდევ ერთ ვიდეოში ნაჩვენებია, რომ მამა-შვილი, ტერორისტული ორგანიზაცია „დაეშის“ დროშის წინ დგანან, გამოხატავენ თავიანთ „პოლიტიკურ და რელიგიურ შეხედულებებს“ და ასახავენ დაგეგმილი თავდასხმის „მოტივებს“.

საქმეში ასევე შედის 12 დეკემბრის საღამოს გადაღებული ვიდეოთვალთვალის ჩანაწერები, რომლებზეც, სავარაუდოდ, ჩანს, თუ როგორ აკვირდებიან ბრალდებული და მისი მამა არჩერ პარკის ტერიტორიას. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ პოლიცია ამ ჩანაწერებს დაზვერვისა და ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის მტკიცებულებად მიიჩნევს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ებრაული თემის წევრების წინააღმდეგ თავდასხმამ სიძულვილისა და ანტისემიტიზმის განწყობები გააღვივა.

„როგორც პრემიერ-მინისტრი, ღრმა პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი მოღვაწეობის დროს ჩადენილი ამ სისასტიკესთვის. გამოვხატავ ჩემს სინანულს და თანაგრძნობას ებრაული თემისა და მთელი ჩვენი ერის მიმართ.

მთავრობა ყოველდღიურად იმუშავებს ავსტრალიელი ებრაელების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაეშის მიერ შთაგონებულ ტერორისტებს საზოგადოების გახლეჩის საშუალებას არ მისცემს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ალბანეზეს თქმით, ხელისუფლება კანონმდებლობის გამკაცრებას განიხილავს, მათ შორის ძალადობისკენ მოწოდების ან დაცული ჯგუფების წინააღმდეგ ძალადობის გამართლების დამამძიმებელ გარემოებებად ცნობას.

მან ასევე გამოაცხადა თავისი განზრახვა, გააფართოვოს ვიზის გაუქმების საფუძვლები იმ პირებისთვის, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან სიძულვილის ენის გავრცელებაში, ძალადობის წახალისებაში, სიძულვილის სიმბოლოების გამოყენებაში ან ტერორისტულ და აკრძალულ ორგანიზაციებთან კავშირში. გარდა ამისა, განიხილება საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილებები ექსტრემისტული მასალებისა და სიძულვილის სიმბოლოების იმპორტის აკრძალვის მიზნით.

შეგახსენებთ, 14 დეკემბერს, სიდნეის ბონდის სანაპიროზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დააზუსტეს, რომ თავდამსხმელები მამა-შვილი იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები