„ჩერნობილის მყვინთავები“ — ადამიანები, რომლებმაც კატასტროფის გავრცელება შეაჩერეს

1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა აფეთქებამ მსოფლიო ბირთვული ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე მძიმე ავარია გამოიწვია. თუმცა, კატასტროფის შემდეგ რეალური საფრთხე ჯერ კიდევ წინ იდგა — ის, რასაც შეიძლებოდა, ევროპული კონტინენტის დიდი ნაწილი საცხოვრებლად უვარგისი გაეხადა.

რეაქტორის მეოთხე ბლოკის ქვეშ მდებარე სარდაფებში უზარმაზარი რაოდენობის წყალი დაგროვდა, ზემოდან კი, უკიდურესად ცხელი, დნობად მდგომარეობაში მყოფი ბირთვული მასა, ე.წ. კორიუმი იღვრებოდა. თუ ეს მასა წყალთან პირდაპირ კონტაქტში შევიდოდა, მოსალოდნელი იყო ძლიერი თერმული აფეთქება, რომელიც გაანადგურებდა რეაქტორის დანარჩენ ბლოკებს და ატმოსფეროში უკიდურესად დიდ რადიოაქტიურ ღრუბელს გამოუშვებდა.

სწორედ ამ საფრთხის გამო, საგანგებო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მოგვიანებით „სასიკვდილო მისიად“ მოიხსენიებოდა — აუცილებელი გახდა რეაქტორის ქვეშ არსებული წყლის დაცლა, რათა აფეთქება თავიდან აეცილებინათ.

ამ ამოცანის შესასრულებლად შერჩეულ იქნა სამი ინჟინერი — ალექსეი ანანენკო, ვალერი ბეზპალოვი და ბორის ბარანოვი. ანანენკო და ბეზპალოვი მუშაობდნენ რეაქტორის სისტემებზე და იცოდნენ სარქველების ზუსტი მდებარეობა, ხოლო ბარანოვი, როგორც უფროსი ცვლის ინჟინერი, მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ისინი სპეციალური ჰიდროკოსტიუმებით, ფარნებითა და დოზიმეტრებით შევიდნენ რეაქტორის ქვეშ მდებარე დატბორილ კამერებში, სადაც სრული სიბნელე და მაღალი რადიაცია იყო.

ბეზპალოვი, ბარანოვი და ანანენკო,

მისია წარმატებით დასრულდა. ინჟინრებმა იპოვეს სარქველები, გახსნეს ისინი და წყალი დაცალეს, რის შედეგადაც აფეთქების რეალური საფრთხე მოიხსნა და კატასტროფის შემდგომი განვითარება მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

მომდევნო წლებში ფართოდ გავრცელდა მოსაზრება, რომ ეს სამი ადამიანი მალევე გარდაიცვალა რადიაციული ზემოქმედების შედეგად. ეს ვერსია ხშირად ჩნდებოდა როგორც მედიაში, ისე დოკუმენტურ და მხატვრულ ნამუშევრებში, რამაც ისტორია ტრაგიკული ლეგენდის სახით დაამკვიდრა.

თუმცა, ისტორიული წყაროები ამ მტკიცებას არ ადასტურებს. საერთაშორისო ატომური სააგენტოს ანგარიშებმა, BBC-სა და Smithsonian-ის კვლევებმა, ასევე მონაწილეთა და მათი კოლეგების ინტერვიუებმა ცხადი გახადა, რომ ისინი გადარჩნენ. მათგან მხოლოდ ბორის ბარანოვი გარდაიცვალა 2005 წელს, გულის შეტევით, ჩერნობილის კატასტროფიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ.

მითის გავრცელებას ხელი შეუწყო საბჭოთა ხელისუფლების დახურულმა საინფორმაციო პოლიტიკამ, კატასტროფის მასშტაბისადმი საზოგადოებრივმა შიშმა და მედიის ტენდენციამ —რეალური გმირობა ტრაგიკული ნარატივის ფორმით წარმოეჩინა. შედეგად, საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრდა წარმოდგენა ადამიანებზე, რომლებიც, თითქოს, წინასწარ იყვნენ განწირულნი.

ალექსეი ანანენკოს, ვალერი ბეზპალოვისა და ბორის ბარანოვის მოქმედებამ, მაღალი ალბათობით, თავიდან აიცილა მეორე აფეთქება, რომელიც ჩერნობილის კატასტროფას კიდევ უფრო გაამწვავებდა. მათი როლი ოფიციალურად იქნა აღიარებული მოგვიანებით, უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები