ვის და რა მიზნით მიჰყავს ქართველი გოგონები ჩინეთში

„ვის და რა მიზნით მიჰყავს ქართველი გოგონები ჩინეთში“, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს და „კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის“ მიერ ჩატარებულ ე.წ გამოძიების დეტალებს ასაჯაროვებს.
„ასე რომ ვთქვათ, დამოუკიდებელი გამოძიება ჩავატარე… სადაც საშინელი შედეგი დამხვდა… გოგონები მიჰყავთ ვითომ კომპანიებს, რეალურად კი კერძო პირებს, რომლებიც ამ ადამიანებით პროსტიტუციას ეწევიან.
კერძოდ, არანაირ საბუთზე არ ხდება არც ხელის მოწერა, არც ბეჭდის დარტყმა. ხდება ქვეყანაში უკანონოდ გადაყვანა და მინიმუმ არ აქვთ კანონიერად მუშაობის უფლება ქართველ გოგონებს.
შემდეგ ამუშავებენ ე.წ. გამრთობებად. ისინი სხედან შენობაში, შემოდიან კლიენტები, რომლებიც არჩევენ ამ გოგონებს და შეჰყავთ ოთახში, სადაც ამ გოგოებმა მათთან ერთად უნდა დალიონ და კლიენტი გაართონ. თანხა ირიცხება სპეციალურ ანგარიშზე, ეს ანგარიში კი ქართველს ეკუთვნის და საქართველოში ბრუნდება გადმორიცხული თანხა. გოგონებს უწევთ ამ დროს მრავალი შეურაცხყოფის ატანა. ყოფილა ძალადობის ფაქტები. კერძოდ, ცემის, გაუპატიურების მცდელობის, მაგრამ არიან სხვა გოგონებიც, რომლებიც ფულს იღებენ და კლიენტებს სექსუალურ ურთიერთობაზე თანხმდებიან“, – ჰყვება გამოცემასთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნიკოლოზ ჩომახაშვილი. როგორც გამოცემა წერს, ჩინეთში სამოდელო კარიერის აწყობის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში თავადც წააწყდნენ. კომპანია beauty for china გოგონებს ჩინეთში მოდელის პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, თვეში 700-დოლარიან ანაზღაურებას ჰპირდება. აი, რა წერია beauty for china-ს „ფეისბუკის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვაკანსიაში.
„საზღვარგარეთის ცნობილ სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილების მქონე ქართული სამოდელო სააგენტო „Beauty for China“ გთავაზობთ ჩინეთში მოდელის თანამდებობაზე კონტრაქტით დასაქმებას. ქასთინგის შედეგად შერჩეული მოდელების გამგზავრება-ტრანსპორტირებაზე, მათი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფასა და დასაქმებაზე, ვალდებულების თანახმად, იზრუნებენ ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები ჩინეთში. ჩვენთან თანამშრომლობა მოდელებისთვის კარიერული წინსვლის გარანტია. ანაზღაურება $700-დან. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: beauty.for.china1@gmail.com“. „ფეისბუკის“ გვერდზე არც საკონტაქტო ტელეფონის ნომერია მითითებული და არც მისამართი. „ჩვენ საინფორმაციო ცენტრებში შევეცადეთ აღნიშნული კომპანიის კოორდინატების დადგენას, თუმცა ცნობა ამ სამოდელო სააგენტოს შესახებ არსად ფიქსირდება, ი-მეილზე გაგზავნილი შეტყობინება კი უპასუხოდ დატოვეს“,-წერს სტატიის ავტორი. ჩომახაშვილის ინფორმაციით, საქმეში საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეებიც არიან გარეულნი. „ჩვენ დახმარებისთვის მოგვმართა ორმა გოგონამ. მათ არ სურდათ ვინაობის გამხელა, რადგან ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ამით პრობლემები შეექმნათ, მათ შორის ოჯახის წევრებთან. დეტალურად გაგვიშიფრეს სქემა, როგორ მიჰყავთ ქართველი გოგონები ჩინეთში ვითომ სამოდელო კარიერის აწყობის მიზნით, რეალურად კი მონურ პირობებში ამყოფებენ და აიძულებენ, პროსტიტუციით დაკავდნენ. ყველაზე ვერ ვიტყვი, არიან ისეთებიც, ვინც საკუთარი სურვილი მიდის და თანხმობას აცხადებს ასეთ მუშაობაზე, თუმცა, როგორც გითხარით, საკმაოდ დიდი ნაწილი მოტყუებით ჩაჰყავთ“,-აცხადებს ჩომახაშვილი. ჩომახაშვილის მტკიცებით, სააგენტოები იურიდიულად არ არსებობენ, არც საჯარო რეესტრში არიან რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, არც რაიმე გადასახადს იხდიან. უბრალოდ, დაირქვეს სამოდელო სააგენტო და ეწევიან საკმაოდ საეჭვო, დანაშაულებრივ საქმიანობას. ზოგ მათგანს „ფეისბუკის“ გვერდზე მითითებული აქვს რაღაც მისამართი, თუმცა ადგილზე გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნულ მისამართზე არანაირი სამოდელო სააგენტო არ ფუნქციონირებს. „მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს. ფაქტია, რომ სახეზეა მრავალმხრივი დანაშაული, ერთი, რომ პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებენ ადამიანებს, მეორე ის, რომ ქვეყნიდან გაჰყავთ არასრულწლოვნები და რა ხდება იქ, კიდევ გამოსაკვლევია. როგორც იკვეთება, ეს არის საკმაოდ სერიოზული შავი ბიზნესი. იქ ამ გოგონების პროსტიტუციაში ჩართვით გამომუშავებული თანხის ნაწილი საქართველოში, გარკვეულ ანგარიშზე ირიცხება, რაც აუცილებლად უნდა იქნეს შესწავლილი“,-აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები