თეა წულუკიანი: ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ ყველა კერძო მესაკუთრეს
იუსტიციის სამინისტრო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით გეგმავს, რომ სულ მალე წარმოადგინოს წამახალისებელი ნორმები ყველა კერძო მესაკუთრისთვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობას სურს, დაეხმაროს კერძო მესაკუთრეებს, დოსიეს შედგენასა და მარტივად დარეგისტრირებაში.
„იუსტიციის სამინისტრო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით გეგმავს, რომ სულ მალე წარმოადგინოს წამახალისებელი ნორმები ყველა კერძო მესაკუთრისთვის, რომელსაც შეიძლება საბუთები არ ჰქონდეს წესრიგში და რომელიც შეიძლება ჩვენთან, ყოფილი ტექბიუროს არქივებში, ან სხვაგან ინახებოდეს. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ ყველა კერძო მესაკუთრეს, შეადგინოს თავისი დოსიე და მარტივად დაირეგისტრიროს საკუთრება”, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, რაც მეტ მიწას დაირეგისტრირებენ მესაკუთრეები, ეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. მიწის რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით, წულუკიანმა აღნიშნა, რომ კერძო მესაკუთრეს ვადა ვერ ექნება.
“ძალიან მნიშვნელოვანია მესაკუთრეებს დავეხმაროთ, რომ საბუთები მოიძიონ, რადგან, როგორც იცით, მიწის რეფორმა საქართველოში 90-იანი წლებიდან ძალიან რთულად ჩატარდა”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.