კომედიური ჟანრის ყოფილი მსახიობი გვატემალის პრეზიდენტი გახდა

კომედიური ჟანრის ყოფილი მსახიობი ჯიმი მორალესი გვატემალის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. მისი ინაუგურაციის ცერემონიას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოს პირველი, ასევე სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ.
48 წლის ჯიმი მორალესმა ოქტომბრის არჩევნებში ხმაურიანი კორუფციული სკანდალის ფონზე გაიმარჯვა, რომლის გამოც მისმა წინამორბედმა, ოტო პერეს მოლინამ თანამდებობა დატოვა. მოლინა თანამდებობას ჩამოაშორეს და ხელშეუხებლობა მოუხსნეს. ის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ იმპორტიორებისგან ქრთამის აღებაშია ბრალდებული.
მორალესის პოპულარობას პოლიტოლოგები გვატემალის მოსახლეობაში ტრადიციული ყაიდის პოლიტიკოსებით და კორუფციით დაღლას უკავშირებენ. ამასთანავე, ზოგიერთ ექსპერტს ეჭვი ეპარება მორალესის უნარში, ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს. მისი წინასაარჩევნო პროგრამა მხოლოდ 6 გვერდისგან შედგებოდა და ამიტომ ანალიტიკოსებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები