ესპანეთის მეფის დის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო
ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ის დის – კრისტინას და მისი მეუღლის – ინიაკი ურდანგარინის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო, მთლიანად კორუფციაში 18 პირია ეჭვმიტანილი.
ურდანგარინის წინააღმდეგ აღძრულია საქმე 5,8 მილიონი ევროს დატაცების ბრალდებით. ეს პირი, ასევე მისი პარტნიორი დიეგო ტორესი სხვადასხვა ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მათ კუთვნილ ფირმასთან სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაზე კონტრაქტებს აფორმებინებდნენ, რომელთა შორის ბევრი არ შესრულებულა. კონტრაქტებიდან შესულ თანხებს კი ისინი ითვისებდნენ.
რაც შეეხება მეფის დას – კრისტინას, მას უკვე დააკისრეს ჯარიმის სახით 587 ათასი ევროს გადახდა. თუმცა, ახალი სარჩელის მიხედვით, რომელიც სასამართლოში ერთ-ერთმა ანტიკორუფციულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ შეიტანა, ახლა კრისტინას 2 მილიონ ევროზე მეტი ჯარიმის გადახდა და 8-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ესპანეთის სასამართლოს ისტორიაში ეს პირველი ფაქტია, როდესაც ბრალდებული სამეფო ოჯახის წევრია. ეს პროცესი შესაძლოა, ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამოდგეს.