თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობას ლევან მესხია დაიკავებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურებში ლევან მესხიას მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქს სასიკეთოდ წაადგება.
„ლევან მესხია სპეციალობით სამართლმცოდნეა. იგი დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“. გარდა ამისა, აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაა, კვალიფიციური კადრის არსებობა სამსახურის ეფექტიანად მუშაობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ხვედელიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, წარმატებები ვუსურვო ლევან მესხიას მომავალ საქმიანობაში, აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ხვედელიძეს კი მადლობა გადავუხადო პროფესიონალიზმისთვის და ჩვენს უწყებაში გაწეული შრომისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.