თბილისში ალილოს საზეიმო მსვლელობა მიმდინარეობს
ტრადიციული საშობაო მსვლელობა ალილო „ვარდების მოედნიდან“ დაიწყო. საზეიმო მსვლელობაში ბავშვები და მოზარდები მონაწილეობენ, რომელთაც სიმბოლურად „მოგვების“, „მწყემსების“ და „ანგელოზების“ ფორმები აცვიათ.
ალილო 14:00 საათზე დაიწყო.
ალილო რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით, სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.
დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია 2000 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის კურთხევით აღდგა.
მსვლელობაში მონაწილეობს ქალაქ თბილისის მოსახლეობა, მრევლი და სამღვდელოება. რუსთაველის გამზირზე დღესასწაულს შეუერთდებიან: პარლამენტის თავმჯდომარე, ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, თანმხლებ პირებთან ერთად.
ალილოს მონაწილეებს და მოსახლეობას აქვს საშუალება, შესწიროს ძღვენი (ტკბილეული, ტანსაცმელი და ა.შ.), რომელიც შემდეგ დახარისხდება და 10 იანვარს ბავშვთა სახლებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და მოხუცთა თავშესაფრებს დაურიგდებათ.