მიხეილ ყაველაშვილი: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში, ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი
“რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პრეზიდენტი საუბრისას სხვადასხვა თემას შეეხო. მისივე თქმით, სერბეთსა და საქართველოს საერთო ქრისტიანული ღირებულებები გააჩნიათ – მართლმადიდებლობას ქართველებისა და სერბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს იგი ბელგრადში ტაძარს მოილოცავს და სერბეთის პატრიარქს, მის უწმინდესობას შეხვდება.
„ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენს სარწმუნოებას. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით, როგორც სერბები, ასევე ქართველები, ვინც ვართ ხელისუფალნი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორედ იმისთვის, რომ უფრო მეტი ურთიერთობა იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის, უფრო მჭიდრო და უფრო მეტად საქმიანი, რომ ძალიან ბევრი შეხება არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტი შეეხო სერბეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებსაც. ყაველაშვილის განცხადებით, მათ ისაუბრეს სოფლის მეურნეობის კუთხით ურთიერთობების განვითარებაზე.
„მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. საქართველოში ყველა პირობაა იმისთვის, რომ ჯანსაღი პროდუქცია იწარმოებოდეს და ჩვენ ამაზეც გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობის დარგში ურთიერთობები განვავითაროთ“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი შეეხო ასევე რუსეთ-უკრაინის ომსაც.
„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი პრინციპები. ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს საომარ ვითარებასთან, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან დაკავშირებით. ამ პროცესში ჩვენ დავიკავეთ საკმაოდ პრინციპული პოზიცია, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას ძალიან დიდი ფასი აქვს ამ გამოწვევების ფონზე და დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივას, რომელსაც ჩვენ მუდმივად მყარად ვიცავდით, უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება და მშვიდობა დაისადგურებს მსოფლიოში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეგიონისთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო დაძაბული ვითარება და ესეც დასასრულს მიუახლოვდა.
„სამხრეთ კავკასია ერთ-ერთი საკვანძო რეგიონია აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის. აუცილებლად მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ და სერბებსაც ძალიან დიდი შესაძლებლობები გაუჩნდებათ ამ დერეფანთან დაკავშირებით. ჩვენ ბალკანეთის ქვეყნებთან შავი ზღვის მეშვეობით გვექნება უფრო მჭიდრო ურთიერთობა. ეს ორმხრივი ურთიერთობები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი საკითხები იყოს წარმოდგენილი ჩვენს დღის წესრიგში.
დარწმუნებული ვარ, დღევანდელი საქმიანი საუბრის შემდეგ ჩვენი სამინისტროები უფრო მჭიდროდ გააგრძელებენ ურთიერთობას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები განვითარდეს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.