ზვიად კვაჭანტირაძე: გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება ჩვენი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე
“ბატონი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება ჩვენი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, იგი თავადაც არ არის წინააღმდეგი, რომ პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი დაინიშნოს.
“ბატონი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება ჩვენი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მას შემდეგ, რაც ბატონმა ღარიბაშვილმა გაახმოვანა თავისი სურვილი, რომ პარტიული პოზიციიდან წავიდეს”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მისივე განცხადებით, კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება არა იმიტომ, რომ ის პრემიერია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის გუნდის სურვილი.
“თავად გუნდს სურს, რომ კვირიკაშვილი იხილოს პარტიის და კოალიციის ლიდერად”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი, კვაჭანტირაძის თქმით, ამაზე მსჯელობა გუნდის შიგნით უნდა მოხდეს.