შსს დავით კირკიტაძის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს – ვიდეო
შსს დავით კირკიტაძის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ძმის – ირაკლი კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, დაკავებულმა ირაკლი კირკიტაძემ თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.
“შსს-მ იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ირაკლი კ. ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი) ფაქტზე მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირაკლი კირკიტაძე სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს, “კვირას“ ინფორმაციით, ირაკლი კირკიტაძესა და პოლიციის თანამშრომელს შორის, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა, კამათი ავტომობილის პარკირების გამო დაიწყო. დაზარალებულმა ბრალდებულის მოთხოვნა, რომელიც მანქანის გადაყენებას ითხოვდა დააკმაყოფილა, თუმცა ირაკლი კიკიტაძემ მიუხედავად ამისა, მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი მაინც ჩაარტყა.