“ნინოს დამსახურებით ჩვენ – ყველა შევიკრიბეთ თბილისში იმისთვის, რომ ერთად დავეხმაროთ პატარებს”
საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის” მიერ 9 იანვარს დაგეგმილი კონცერტიდან შემოსული თანხა მძიმე დიაგნოზის მქონე 4 ბავშვის მკურნალობას მოხმარდება.
როგორც საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის” დამფუძნებელმა ნინო სურგულაძემ, დირიჟორ კარლო პონტთან ერთად, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 9 იანვარს, 21.00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილე მსოფლიო ვარსკვლავები – ტენორი ალესანდრო საფინა, ოპერის და ესტრადის დივა ენჯელ ბლუ, ჩელისტი ანა რუცნერი და პიანისტი ოლივერ პული თბილისს ხვალ ეწვევიან, დირიჟორი კარლო პონტი კი დღეს პირველ რეპეტიციას გამართავს.
ნინო სურგულაძემ მოუწოდა საზოგადოებას, შეიძინონ კონცერტის ბილეთები და დარეკონ ნომერზე – 0901900999, საიდანაც შემოსული თანხა ასევე ბავშვებს მოხმარდებათ.
“ეს იყო ამ ფონდის შექმნის მიზანი, რომ ჩვენ გავაკეთოთ უფრო მეტი, ვიდრე კეთდება. თითოეული მოქალაქე ჩაეთოს თუნდაც ამ საქმეში იმით, რომ დარეკოს ნომერზე – 0901900999, იმიტომ, რომ მართლა თითოეული თეთრი მიდის ბავშვებთან და რეალურად გვაქვს უკვე 21 შემთხვევა, რომ გადავარჩინეთ ბავშვები”, – განაცხადა ნინო სურგულაძემ.
თავის მხრივ, დირიჟორმა კარლო პონტიმ განაცხადა, რომ იგი საქართველოში პირველად იმყოფება და მოხარულია, რომ ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.
“ამ კონცერტში ძალიან ბევრი საინტერესო არტისტი და ვარსკვლავი მონაწილეობს. ნინოს დამსახურებით ჩვენ – ყველა შევიკრიბეთ თბილისში იმისთვის, რომ ერთად დავეხმაროთ პატარებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი და, დარწმუნებული ვარ, კარგი საღამო გამოვა”, – განაცხადა დირიჟორმა.
მისივე თქმით, საქველმოქმედო კონცერტზე ვერდის, მოცარტის, ვებერის, პუჩინის და სხვა კომპოზიტორების ლირიკული და პოპულარული საოპერო არიები შესრულდება.
ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს 9 იანვარს, 21:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს.
კონცერტში მონაწილეობენ მსოფლიო ვარსკვლავები: ტენორი ალესანდრო საფინა; „მის ჰოლივუდი 2005“, ოპერის და ესტრადის დივა ენჯელ ბლუ; ჩელისტი ანა რუცნერი; ვირტუოზი პიანისტი ოლივერ პული; დირიჟორი კარლო პონტი; ნინო სურგულაძე; თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა და ინსტრუმენტალური ბენდი. კონცერტში სულ 170-მდე არტისტი მიიღებს მონაწილეობას.