დარჩება თუ არა „ეროვნული ფორუმი“ კოალიციაში – „არის ერთადერთი საკითხი, რაზეც კომპრომისზე არ წავალთ“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც კოალიცია „ქართული ოცნება“ შეიქმნა, პოლიტიკური პარტიების წინაშე ერთადერთი ამოცანა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება იყო, თუმცა დღეს უკვე ქვეყანა სხვა გამოწვევების წინაშე დგას.
როგორც მიროტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, რთულია ამ საკითხზე კოალიციაში შემავალმა რომელიმე პარტიამ დღეს განცხადება გააკეთოს, რადგან, მისი თქმით, დარჩება თუ არა ესა თუ ის პარტია კოალიციაში, ეს პროცესების განვითარებაზე და პარტიების ხედვაზეა დამოკიდებული.
„როდესაც ჩვენ თავის დროზე კოალიცია შევქმენით, გვინდოდა, დაგვემარცხებინა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი და გაგვეშვა ხელისუფლებიდან. ეს ამოცანა შესრულებულია, დღეს სხვა ამოცანაა. მაგალითად, როგორია ჩემი ქვეყნის ძირითადი პრიორიტეტები, რა გამოწვევებია და როგორ უყურებენ ამ გამოწვევებს ჩვენი პარტნიორი პარტიები კოალიციაში.
თუ ჩვენი ხედვა, განსაკუთრებით ქვეყნის მომავალთან, მის სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით დაემთხვევა ერთმანეთს, ჩვენ არ გვექნება არცერთი მიზეზი იმისა, რომ კოალიცია დავტოვოთ, თუმცა ცალსახა პასუხის გაცემა, –  დარჩება თუ არა „ეროვნული ფორუმი“ კოალიციაში თუ მარტო გავა არჩევნებზე, – ამ დროისთვის ძალიან რთულია. ეს ყველაფერი პროცესების განვითარებაზე და იმ ხედვაზეა დამოკიდებული, რაზეც უნდა შევთანხმდეთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ შეგვიძლია დავთმოთ, მაგრამ ერთადერთი საკითხი, რაზეც არ წავალთ კომპრომისზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და მისი სახელმწიფოებრივი ინტერესები. თუ ეს იქნება თანხვედრილი ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან, ჩვენ კოალიციაში დავრჩებით. ამ კითხვაზე საპასუხოდ თითოეული პარტია ზაფხულისთვის იქნება მზად“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები