ირაკლი კობახიძე – სამარცხვინოა ის ორმაგი მიდგომები, რომლებსაც ავლენს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით

სამარცხვინოა ის ორმაგი მიდგომები, რომლებსაც ავლენს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპული ბიუროკრატია უკვე პირდაპირ ითხოვს სანქციებთან მიერთებას.

„სრული ლუსტრაცია ხდება იმ ყველაფრის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. პირდაპირ უკვე ევროპული ბიუროკრატია ითხოვს სანქციებთან მიერთებას, მანამდე ერიდებოდნენ მაქსიმალურად ამაზე საუბარს, მერე შემოაპარეს ევროპარლამენტის რეზოლუციიდან, ახლა უკვე აღმასრულებელი შტოც ითხოვს სანქციებთან მიერთებას. მინდა შეგახსენოთ, თავის დროზე 2022 წელს მარტივი გაანგარიშება გავაკეთეთ და ვნახეთ, რომ სულ მცირე ეკონომიკის 10-პროცენტიან ვარდნას გამოიწვევდა სანქციებთან მიერთება. ბუნებრივია, ამის არავითარი მიზანშეწონილობა არ არსებობდა, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მოგვიანებით, რადიკალური ოპოზიციაც კი გაემიჯნა ამ მოთხოვნას. ისინი ამბობდნენ, თითქოს არასდროს მოუთხოვიათ სანქციებთან მიერთება. სინამდვილეში სხვა პროცესებს ჰქონდა ადგილი, ახლა უკვე აღმასრულებელი შტო პირდაპირ ითხოვს სანქციებთან მიერთებას, რაც არის სრული ლუსტრაცია. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ არასდროს არავის ევროპული ბიუროკრატიიდან არ დაუყენებია იგივე მოთხოვნა მაგალითად მოლდოვის, ან სომხეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიმართ. აქაც ჩანს ორმაგი სტანდარტები, აქ მაინც ვერ იტყვის ქალბატონი კალასი, რომ მოლდოვას არ სურს ევროკავშირში გაწევრიანება.

ყველგან არის ორმაგი სტანდარტები, არიან კონკრეტული ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, რომლებსაც შეუძლიათ, ევროპიდან გადაფრინდნენ მოსკოვში. ჩვენ აქ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ეს არის შესაბამისი ქვეყნების საქმე, მაგრამ ორმაგი სტანდარტებია ცუდი, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ერთ შემთხვევაში ერთი რამ შეიძლება იყოს მოსაწონი და მეორე შემთხვევაში 10-ჯერ ნაკლებ მოცემულობას, შეიძლება ჰქონდეს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია. სამარცხვინოა ის ორმაგი მიდგომები, რომლებსაც ავლენს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები