არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს მიმართავს
არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის საკითხებზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. შესაბამისი მიმართვა კვირიკაშვილისადმი ინტერპარტიული ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს.
“საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის პოლიტიკური გაერთიანებები მივესალმებით თქვენს დიდ სურვილს, ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის შესახებ. ასევე თქვენს მზადყოფნას, უახლოეს მომავალში დაიწყოს შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან, მათ შორის ბიზნესწრეებთან და არასამთავრობო სექტორთან.
ზემოთქმულიდან და საკითხის გადაუდებლობიდან გამომდინარე, გამოვთქვამთ მზადყოფნას თქვენთან შესახვედრად საარჩევნო რეფორმის განვითარების შემდგომი პროცესის განსახილველად“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: “ახალი მემარჯვენეები”, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, “თავისუფლება”, “თავისუფალი საქართველო”, “რეფორმატორები”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის”, “ევროპელი დემოკრატები”, “ლეიბორისტული პარტია”, “პატრიოტთა ალიანსი”, “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”, “ტრადიციონალისტთა კავშირი” და “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”.