„თურქმენეთში კონფერენციის მიზანი არ ყოფილა რუსეთთან რაიმე ფორმით შეხვედრა, გასაუბრება, მით უმეტეს, მოლაპარაკებების გამართვა,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში კონკრეტული მიზნით იმყოფებოდა, მშვიდობის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად.
„არანაირი კვეთა არ ჰქონიათ. საერთო ფოტო არ გადაუღიათ, კონფერენციის მონაწილეებმა გადაიღეს ფოტო. სამწუხაროდ, ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ. პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში კონკრეტული მიზნით იმყოფებოდა, მშვიდობის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად, თურქმენეთის, ჩვენი პარტნიორის პატივისცემის ნიშნად. მან თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე – ოკუპაციაზე. ამ კონფერენციის მთავარი თემა მშვიდობა იყო და პრემიერ-მინისტრის გამოსვლისაც. თავის სიტყვაში აღნიშნა ოკუპაციაც და ხაზი გაუსვა ზოგადად, სუვერენიტეტის პატივისცემას. ეს აღნიშნა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის პირისპირ და თანდასწრებით, თქვა იმ სიღრმით და ხარისხით, რაც იყო საჭირო ამ კონფერენციაზე სათქმელად. სხვა არანაირი კვეთა, ფორმალური თუ არაფორმალური, გასაუბრება, შეხვედრა არ ყოფილა, არც იქნებოდა. ეს არც იყო ამ კონფერენციის მიზანი.
ჩვენ სხვების დღის წესრიგით ვერ ვივლით, არც რუსეთის, მით უმეტეს, მისი პრეზიდენტის და არც არავის. ამ კონფერენციის მიზანი არ ყოფილა რუსეთთან რაიმე ფორმით შეხვედრა, გასაუბრება, მით უმეტეს, მოლაპარაკებების გამართვა. იმის გამო, რომ რუსეთმა სადღაც გადაწყვიტა მონაწილეობა, ამის გამო სათოფეზე არ გავეკაროთ ამა თუ იმ ორგანიზაციას და პლატფორმას, ამას მეუბნებით, ეს არის საქართველოს ინტერესი? ამ კონფერენციის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა განგრძობით ოკუპაციაზე იმ დოზით და იმ სიღრმით, რაც იყო საჭირო ამ კონფერენციაზე“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.