თბილისში კარატეს სასკოლო მსოფლიო თასის ტურნირი ჩატარდება
საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, კარატეს ეროვნული ფედერაციისა და მერიის თაოსნობით, აპრილში, პირველად მსოფლიოს კარატეს ისტორიაში, სასკოლო მსოფლიო თასის ტურნირი ჩატარდება,- ამის შესახებ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გია ბეგიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრეს.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, 3-დღიან ტურნირში, საქართველოს სკოლების გუნდებთან ერთად, დაახლოებით 40-45 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, ჯამში კი ტურნირში, სავარაუდოდ, 2 000 – ზე მეტი, 6-18 წლამდე ასაკის მონაწილე იასპარეზებს.
„აპრილის თვეში პირველად მსოფლიოს კარატეს ისტორიაში სასკოლო მსოფლიო თასს ვატარებთ. ასეთი ფორმატით ეს ღონისძიება პირველად ტარდება. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ველოდებით დიდ გუნდებს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან. სამას სპორტსმენს ველით აზერბაიჯანიდან. ღონისძიება ვაკე – საბურთალოს რაიონის სპორტის ახალ სასახლეში გაიმართება. ტურნირის ორგანიზებაში თბილისის მერიის სპორტის სამსახური, სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, კარატეს ეროვნული ფედერაცია და განათლების სამინისტრო არიან ჩართულები. ღონისძიების მიზანია სასკოლო სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, მებრძოლი სულის აღორძინება საქართველოში. სკოლის მოწაფეებს საშუალება ექნებათ, არაპროფესიონალურ დონეზე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ტურნირებში. ყველა სკოლას ექნება საშუალება, დააკომპლექტოს გუნდი და შეჯიბრზე გამოიყვანოს.
ტურნირში 6-18 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები მონაწილეობენ. დაფინანსება ძალიან მწირია და 25 000 ლარს შეადგენს. დაახლოებით 45 ქვეყნიდან, გუნდები თავიანთი დაფინანსებით ჩამოდიან, თავად ფარავენ სასტუმროს და ყველაფრის ხარჯებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ინტერესი ძალიან დიდია“,- განაცხადა კახა ბასილიამ.
რაც შეეხება საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გეგმებს, მისი პრეზიდენტის, გია ბეგიაშვილის განცხადებით, 2016 წელს ფედერაცია, თბილისის მერიასთან ერთად, ახალი პროექტის: „3მ“-ის პროექტის განხორციელებას გეგმავს.
პროექტი სასკოლო სპორტში როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების და მშობლების ჩართულობას გულისხმობს
„პროექტ “3მ”-ს განხრციელებისას სკოლის გუნდში იქნება მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი. ისინი მიზნის მისაღწევად ერთად იბრძვიან, რაც, ბუნებრივია, ერთად ვარჯიშსა და თანამშრომლობას გულისხმობს. ამგვარი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მოსწავლეს, გამოუმუშავდეს მასწავლებლისა და მშობლისადმი პატივისცემისა და ურთიერთგაგების ჩვევები. პროექტი განხორციელდება შემდეგ სახეობებში: მაგიდის ჩოგბურთი, სადაც ჩართულები იქნებიან როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები და მშობლები. სასკოლო ტურნირი ჩატარდება ბადმინტონში, გაზაფხულზე, უკვე აპრილში კი. კარატეს ეროვნულ ფედერაციასთან ერთად. საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას ვგეგმავთ“, – აღნიშნა გია ბეგიაშვილმა.
ფედერაციის წევრებმა მოსწავლეებისთვის აგრეთვე თამაში „ლეგენდების კვალდაკვალ“ შექმნეს. აქტივობას აქვს აკადემიურ ცოდნასა და ლოგიკაზე დაფუძნებული ნაწილი. ასპარეზობისას მონაწილე აწყდება არა მარტო სპორტული წინაღობებით გამოწვეულ სირთულეებს, არამედ მან უნდა გამოავლინოს ცოდნა და ლოგიკური აზროვნება, რადგან ყოველი წინაღობის დაძლევისას მონაწილემ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვებს, რაც საერთო შედეგზე აისახება.
„აქტივობა „ლეგენდების კვალდაკვალ“ თავის თავში მოიცავს როგორც ფიზიკური განვითარებისათვის საჭირო, ასევე სასკოლო სწავლებისათვისა და სამომავლოდ, ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო ბევრი უნარ-ჩვევის განვითარებას უწყობს ხელს. კერძოდ, – გუნდურად მუშაობის, უცნობ გარემოში ორიენტირებას, ექსტრემალურ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარებს. თამაში სკოლის წარმატებულობისა თუ წარუმატებლობის კარგი ინდიკატორია. შედეგების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, როგორ მიმდინარეობს, ან როგორი იყო განვლილი სასწავლო წელი“, – განაცხადა გია ბეგიაშვილმა.