ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწყობილი „როუდშოუების“ შემდეგ ბევრმა უცხოურმა კომპანიამ უკვე დაჯავშნა პაკეტი – ნინო ცხონდია
საფრანგეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გამართულ „როუდშოუებში“ 10 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა. Georgian travel club-ის ნინო ცხონდიას განცხადებით საფრანგეთში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი ღონისძიებები ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას საქართველოში.
„საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. 2019 წლის შემდეგ შემცირებული იყო ევროპელი ტურისტების შემოდინება, თუმცა ახლა ძალიან გაზრდილია ინტერესი და ჯავშნების რაოდენობაც. ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან შესაძლებლობას გვაძლევს, შევხვდეთ გავლენიან კომპანიებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწყობილი „როუდშოუების“ შემდეგ ბევრმა უცხოურმა კომპანიამ უკვე დაჯავშნა პაკეტი. ასეთი B2B შეხვედრები ძალიან გვეხმარება განვითარებაში“, – განაცხადა ცხონდიამ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საფრანგეთში წელს ბოლო შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართა. საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით პარიზსა და ლიონში „როუდშოები“ მოეწყო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქებში გამართულ „როუდშოებს“ 80-მდე ფრანგი ტუროპერატორი დაესწრო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კომბინირებული მარკეტინგული კამპანია საფრანგეთთან ერთად დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს.