ოთარ რამიშვილის კლუბის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებისთვის კონცერტი გამართეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში ოთარ რამიშვილის სახელობის „ბარდების კლუბის“ წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებისთვის კონცერტი გამართეს.
„ბარდების კლუბის“ კონცერტს დაწესებულებაში მსჯავრდებულებთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა და დაწესებულების ხელმძღვანელობა დაესწრნენ.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტის მონაწილეებმა ღონისძიებაზე საკუთარი რეპერტუარის გარდა ოთარ რამიშვილის სიმღერებიც შეასრულეს.
თამარ ხულორდავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო და დაწესებულების ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს ამგვარი ღონისძიებების დაგეგმვას.
„ყველგან წინასაახალწლო განწყობაა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროც მოწოდებული იყო ქალბატონი მსჯავრდებულებისთვის გაეკეთებინა ერთი ლამაზი ღონისძიება, რაშიც ოთარ რამიშვილის კლუბის წარმომადგენლები დაგვიდგნენ გვერდით. ასეთი ერთი აქტივობით გრძელვადიანი შედეგი, რა თქმა უნდა, არ მიიღწევა, მაგრამ ის ფაქტი, რომ სამინისტრო და დაწესებულების ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს ასეთი ღონისძიებების დაგეგმვას, არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
N5 დაწესებულების მსჯავრდებულებს სამინისტრომ „ავერსისა“ და „ტკბილი ქვეყნის“ მიერ გამოყოფილი საჩუქრები გადასცა.