ლეონიდ ჩერნოვეცკი: სააკაშვილს თავადაც გარკვევით არ აქვს წარმოდგენილი საკუთარი მომავალი უკრაინაში

„ვფიქრობ, სააკაშვილს თავადაც გარკვევით არ აქვს წარმოდგენილი საკუთარი მომავალი უკრაინაში“, – ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის ყოფილმა მერმა, მილიარდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ განუცხადა.
მისივე თქმით, უკვე 4 წელია სააკაშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია და მასზე, როგორც ადამიანსა და პოლიტიკოსზე, საუბარი უჭირს.
„მას ვიცნობ და რამდენჯერმე მქონდა მასთან შეხვედრა. ხუთი წლის წინათ, როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში, ძალიან ენერგიულად მომიწოდებდა ფულის ჩადებას ქართულ ეკონომიკაში, მაგრამ მაშინ ვუპასუხე, რომ საქართველოში, ისვევე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში, არ არსებობს გარანტიები ინვესტიციებისთვის, გარდა მისი სიტყვისა. ასე დავშორდით ერთმანეთს. ძალიან ხანმოკლე ურთიერთობა გვქონდა, ამიტომ მიჭირს მასზე, როგორც ადამიანზე და პოლიტიკოსზე საუბარი.
დიდი ხნის წინათ, როდესაც კიევში საქართველოს საელჩოს მიწა ვაჩუქე და შოთა რუსთაველის ძეგლის მშენებლობა დავაფინანსე 300 ათასი დოლარით, მან ორდენით დამაჯილდოვა. სხვათა შორის, ამას მე 10 წლის წინათ ვაკეთებდი. მაშინ კიევის მერი ვიყავი – ქალაქის, რომლის მოსახლეობა მთელი საქართველოს მოსახლეობაზე მეტია და არც კი ვფიქრობდი, რომ ოდესმე საქართველოში ჩამოვიდოდი, აქ სახლს ავაშენებდი და ქველმოქმედებასა და პოლიტიკურ საქმიანობას მივყოფდი ხელს.
მე ქველმოქმედებით მოვედი საქართველოში. მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლით და კიდევაც რომ წავიდე ცხოვრებიდან, საქართველო ჩემი ზრუნვის ქვეშ დარჩება. ასეთი ოფიციალური განკარგულება დავუტოვე ჩემს შვილებს.
ჩემ მიმართ ეჭვი უადგილოა. მე პრაქტიკულად არ ვცხოვრობ უკრაინაში და არც არასოდეს ვიქნები უკრაინულ პოლიტიკაში, მაგრამ იქაც, როგორც საქართველოში, სულ უფრო ვზრდი ქველმოქმედების მასშტაბებს. მე ამით ვცოცხლობ. ჩემი ქველმოქმედების ფილოსოფია ის კი არ არის, ქართველებს ზედმეტი მილიონი დოლარი ვაჩუქო, არამედ ის, რომ ვასწავლო ერთმანეთზე ზრუნვა, როგორც ეს კიევში გავაკეთე.
ხუთ წელზე მეტია, რაც საქართველოში ვცხოვრობ. სახლი ავიშენე, დავვოჯახდი და საქართველოს მოქალაქე გავხდი. საქართველო ჩემთვის ნამდვილი მშობლიური სახლი გახდა და რადგან ადამიანი და პროფესიონალი პოლიტიკოსი ვარ, დავიწყე უკვე ჩემი ქვეყნის – საქართველოს პრობლემებზე დაფიქრება“,-აღნიშნა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, რომელმაც საქართველოში პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ჩამოაყალიბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები