ფილმის – „ალი და ნინოს“ პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგება
აზერბაიჯანულ რომან “ალი და ნინოს” მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე მომავალი წლის იანვარში გაიმართება.
ყურბან საიდის რომანი ქართველი ქრისტიანი ქალისა და აზერბაიჯანელი მუსულმანი კაცის სიყვარულის ამბავს გვიამბობს. მოქმედება ბაქოში 1918-1920 წლებში ვითარდება. ფილმში მთავარ როლებს ესპანელი მსახიობი მარია ვალვერდე და პალესტინელი მსახიობი ადამ ბაკრი ასრულებენ. სცენარი ბრიტანელ სცენარისტს, კრისტოფერ ჰამპტონს ეკუთვნის. ფილმის რეჟისორი ასევე ბრიტანელი ასიფ კაპადიაა. ფილმის მთავარი პროდიუსერი ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი ლეილა ალიევაა.
„ალი და ნინოს” გასული წლის თებერვალ-ივნისში აზერბაიჯანში იღებდნენ. სანდენსის კინოფესტივალი 21-31 იანვარს უტაში, აშშ-ში გაიმართება. ის 1985 წლიდან ტარდება და დამოუკიდებელი ფილმების ყველაზე მასშტაბური ფესტივალია აშშ-ში.