“ჟვანიას საქმეზე სააკაშვილის ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს“

   უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ყოფილი ხელისუფლებისეულ ვერსიას არ ენდობა. როგორც ხაბურძანია “რეპორტიორთან“ინტერვიუში აცხადებს, გამოძიებაში არსებობს წინააღმდეგობები, რაზეც სააკაშვილის ხელისუფლებას პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს.
“სააკაშვილის ხელისუფლება შეეცადა, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულებები შეელამაზებინა, როგორც მიჩვეულები იყვნენ და საზოგადოებისთვის ეთქვათ არა სიმართლე, არამედ, შეთითხნილი რაღაცები. მეტიც, ეს ყველაფერი არაპროფესიონალურად გააკეთეს, თუმცა, გამოძიებაში არსებობს წინააღმდეგობები, რაზეც სააკაშვილის ხელისუფლებას პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს. რატომ მოხდა, რომ ზურაბ ჟვანიას გვამი, რასაც ბევრი ამტკიცებს, ხელმეორედ მიიტანეს იქ? რატომ დაიკარგა ფეხსაცმელი? რატომ დაიხატა ორი სხვადასხვა სურათი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას?!“, – აცხადებს ხაბურძანია.
უშიშროების ყოფილი მინისტრი ვარაუდობს, რომ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რაღაც ისეთი მოხდა, რის დამალვასაც ხელისუფლება შეეცადა. ხაბურძანიას არ ჰგონია, რომ ჟვანიას საქმის გამოძიებას ახალი ხელისუფლება შეგნებულად აჭიანურებს. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიებიდან დიდი დრო გავიდა, გამოძიებას ფაქტების და მტკიცებულებების ერთმანეთთან დაკავშირება უჭირს.
“მაქვს ჩემი ვარაუდი, რის გადაფარვასაც ამ შეთითხნილი ფაქტებით შეეცადნენ, მაგრამ მტკიცებულებები არ გამაჩნია და არ ვიქნები სწორი, მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვისაუბრო…არა მგონია, ჟვანიას საქმის გამოძიებას ახალი ხელისუფლება შეგნებულად აჭიანურებდეს. გამოძიებიდან დიდი დრო გავიდა და მათ უჭირთ ფაქტების და მტკიცებულებების ერთმანეთთან დაკავშირება, ბევრი წინააღმდეგობა ხვდებათ… დარწმუნებული ვარ, ახალი ხელისუფლება, ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ახალს ვერაფერს იტყვის. შესაძლოა, ვიღაცები პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი, ვინც ფაქტების ფალსიფიცირება მოახდინა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალი ხელისუფლება ახალს ვერაფერს იტყვის!“,- აღნიშნავს ინტერვიუში ვალერი ხაბურძანია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები