დავით უსუფაშვილი: სასამართლოში ჩვენ დამოუკიდებელი ადამიანების ერთობა გვჭირდება

ვისურვებდი, რომ მოსამართლეებმა მეტად იზრუნონ თავიანთი პირადი ავტორიტეტის გამყარებაზე საზოგადოებაში და არა ხელისუფლების ან ერთმანეთის თვალში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიერ ორგანიზებული ფორუმის დატოვებამდე განაცხადა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ამოცანა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოს ქონაა.
“დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულება – ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ამოცანა და კარგია, რომ არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები დიდ ყურადღებას უთმობენ ამ საკითხებს. დღეს კოალიციის მე-13 შეხვედრაა, საინტერესო საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა. ფორუმის მონაწილეებს მივეცით იმის გარანტია, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლოს ავტორიტეტის ზრდა, ასევე სასამართლოში კვალიფიციური გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფა, ეს არის ძალიან მაღალი პროცენტი. ჩვენ უარი ვთქვით სასამართლოში იმ ტიპის რეფორმებზე, რაც გამოიწვევდა მასობრივ ცვლილებებს სასამართლო კორპუსში. ეს არ იქნებოდა სწორი, რადგან ეს ერთხელ უკვე გაკეთდა საქართველოში და ყოველ 12 წელიწადში სასამართლო კორპუსის ძირფესვიანად შეცვლა საერთოდ თავდაყირა დააყენებდა სასამართლოებს. სტაბილურობა შენარჩუნებულია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასამართლოს სისტემაში მეტი დამოუკიდებელი და კვალიფიციური პიროვნებაა საჭირო.
“ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან ბევრი რამაა შეცვლილი ამ სფეროში საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე. გვჭირდება მეტი კვალიფიციური, დამოუკიდებელი პიროვნება სასამართლოში, ამიტომ ის კრიტერიუმები, რომლითაც უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა უვადოდ დაინიშნებიან მოსამართლეები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვჭირდება მეტი დამოუკიდებელი პიროვნება სასამართლოში. ამაზე ვისაუბრე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მანვე დასძინა, რომ სასამართლო კორპუსი არ შეიძლება იყოს მოწყობილი პოლიტიკური პარტიის პრინციპებზე.
“სასამართლოში ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი ადამიანების ერთობა, რომლებიც გამოირჩევიან კანონისა და სინდისის წინაშე ლოიალურობით. ეს მიღწევადი ამოცანაა და ეს განხორციელდება. ვისურვებდი, რომ მოსამართლეებმა მეტად იზრუნონ თავიანთი პირადი ავტორიტეტის გამყარებაზე საზოგადოებაში და არა ხელისუფლების ან ერთმანეთის თვალში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები