თამარ ხულორდავა ევროსაბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა ევროსაბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროსაბჭოს და ევროკავშირის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროგრამის მიერ – “ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში” ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

პროგრამა 2013 წელს დაიწყო და მისი მიზანია ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების დაკავების, მათზე ზრუნვის და მკურნალობის საკითხების დარეგულირება, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან თანხვედრაში მოყვანა, თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე, პროგრამის ხელმძღვანელი, პიტენ დანისი და ევროსაბჭოს ექსპერტი, პიტერ ბარტლეტი.

თამარ ხულორდავას განცხადებით, სამინისტრო პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული, რადგან პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიატრიული ჯანდაცვის საკითხები ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„სამინისტრო მზად არის, ფსიქიატრიული ჯანდაცვის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოს, რომელიც ხელშესახებ შედეგს მოიტანს. ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. პრობლემები უკავშირდება როგორც საკანონმდებლო, ასევე, ინსტიტუციურ ხარვეზებსაც. არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებით მრავალი პრობლემა გვექმნება. მსჯელობისას კი ისევ იმ მოსაზრებამდე მივდივართ, რომ არსებული საკანონმდებლო ჩარჩო საკითხის მარტივად გადაწყვეტის საშუალებას არ იძლევა. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანი იყო.

ცნობილმა ექსპერტმა, ბატონმა პიტერ ბარტლეტმა შეისწავლა საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც ფსიქიატრიული ჯანრმთელობის სფეროს არეგულირებს და საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინა. პიტერ ბარტლეტის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში, არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომების გამოყენება შეგვიძლია, რასაც სამოქალაქო სექტორში ვიყენებთ. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ჩვენთვის გამოსავალი,“ – განაცხადა ხულორდავამ.

შეხვედრის ფარგლებში ევროსაბჭოს ექსპერტმა, პროფესორმა პიტერ ბარტეტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შეფასებითი ანგარიში წარმოადგინა და შეხვედრის მონაწილეებს რეკომენდაციები გააცნო. პიტერ ბარტლეტის განცხადებით, აღნიშნული რეკომენდაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში და სამართლებრივი საფუძვლების შექმნაში დაეხმარება.

„საქართველოს კანონმდებლობაში ბევრი კარგი, იმედისმომცემი კანონი არსებობს. მინდა აღვნიშნო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თავდადებული შრომა და მცდელობა, ყველაფერი კარგისკენ შეცვალონ“, – განაცხადა პიტერ ბარტლეტმა.

ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ პროგრამის მნიშვნელოვაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პროექტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანდაცვის საკითხებისა და ფისიქიკური ჯანმრთელობის პრობელემების შესწავლას.

„დახურულ პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ანგარიში წარმოვადგინეთ, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად მომზადდა. პროექტის განხორციელების პერიოდში სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ანგარიშში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზეა საუბარი. დარწმუნებული ვარ, პროექტის დასრულებას სამაგალითო შედეგი მოჰყვება“ – აღნიშნა კრისტიან ურსემ.

ევროსაბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის დასრულების შემდეგ მალევე ამოქმედდება ახალი პროგრამა, რომელიც ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება და პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის სფეროს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები