„ნაციონალებმა“ შობადობის სტატისტიკა გააყალბეს

    „ნაციონალებმა“ შობადობის სტატისტიკა გააყალბეს, – ამის შესახებ გაზეთ „ვერსიასთან“ დემოგრაფმა და დემოგრაფიული განვითარების ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანზორ თოთაძემ განაცხადა. თოთაძე 2008 წელს შობადობის მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირებას “ნაციონალების” მიერ გაყალბებული შობადობის სტატისტიკით ხსნის. მისი თქმით, საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში დემოგრაფიული პოლიტიკა არ გატარებულა. “2008 წლის შემდეგ სამოქალაქო სექტორს სათავეში გიორგი ვაშაძე ედგა. მაშინ გააკეთეს ისე, თითქოს საქართველოში შობადობა 2009 წელს 7000-ით გაიზარდა. რა დროიდანაც ჩვენს ქვეყანაში აღრიცხვა წარმოებს, ეს ციფრი მაქსიმუმ 500-1000 იყო და მოსახლეობის მსგავსი მატება არასორდეს დაფიქსირებულა. ეს გახლდათ მაამებელი პოლიტიკა, რომელიც იმისთვის გაატარეს, მერე პრეზიდენტს ეთქვა, შობადობის ბუმიაო. როგორ შეიძლება, ომისა და კრიზისის დროს ამხელა მატება ყოფილიყო?“, – აცხადებს ანზორ თოთაძე.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” 63 ათასი დაბადებულიდან მომდევნო წლებში 57 ათასზე ჩამოვიდა, თუმცა თოთაძის თქმით, არც ეს ციფრები იყო სწორი. დემოგრაფი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას მიესალმება. მისი თქმით, როდესაც დემოგრაფიული პრობლემები სამთავრობო დონეზე წყდება, ეს მისასალმებელია. შეგახსენებთ, რომ ახალი სახელმწიფო პროგრამა ყოველ მესამე შვილზე ფულად დახმარებას ითვალისწინებს და რამდენიმე რეგიონში 2014 წლის 1 ივნისის შემდეგ დაბადებულ ბავშვებზე ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები