საკონსტიტუციო სასამართლო კამპანიის: “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” ფარგლებში მომზადებულ სარჩელს იხილავს

კამპანიის “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” ფარგლებში მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს. სხდომათა დარბაზში მოპასუხე მხარის – პარლამენტის წარმომადგენლის არგუმენტებს გაეცნობიან.
ამასთანავე, სასამართლო საქმესთან დაკავშირებით ექსპერტებისა და საკითხის სპეციალისტების პოზიციებს მოისმენს, მათ შორის პერსონალურ მონაცემების დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის პოზიციას.
როგორც მოსარჩლე მხარის ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ სასამართლოს დაწყებამდე განაცხადა, ყველაზე იდეალურ ვარიანტად წარდგენილი იყო შემთხვევა, როცა ერთი გასაღები არის მობილური ოპერატორების ხელში, მეორე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ან უსაფრთხოების სააგენტოს ხელში.
“განსხვავებით პარლამენტის წარმომადგენლებისგან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველანაირი გარანტია, რომელიც კანონმდებლობაში არის წარმოდგენილი, არასაკმარისია, საჭიროებენ დაზუსტებას, ბუნდოვანია ხშირ შემთხვევაში მათი შინაარსი და, აქედან გამომდინარე, მათი არაკონსტიტუციურად ცნობა უნდა მოხდეს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან მიმართებით, რომელიც ყველა ჩვენგანის პირად ცხოვრებას იცავს”, – აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.
პარლამენტის წარმომადგენლის თამარ მესხიას განმარტებით, პარლამენტი მიიჩნევს, რომ არსებული მოდელი არ ერევა ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში, რის დასამტკიცებლადაც არგუმენტაციას სტრასბურგის გადაწყვეტილებებიდან წარადგენს.
“მოსარჩელეების მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები, პარლამენტის აზრით, სრულიად შეესაბამება კონსტიტუციის როგორც მე-16 ასევე, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და არ ერევა პირის პირადი ცხოვრების უფლებაში.
სასამართლოს წარვუდგენთ შესაბამის დასაბუთებულ არგუმენტაციას დაყრდნობილს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, ასევე სტრასბურგის გადაწყვეტილებებზე”, – აღნიშნა თამარ მესხიამ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების, საქმიანობის ადგილის, მიმოწერისა და საუბრის ხელშეუხებლობა. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით კი გარანტირებულია ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების, საქმიანობის ადგილის, მიმოწერისა და საუბრის ხელშეუხებლობა.
კამპანიის “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” წარმომადგენლები 2014 წლის ნოემბერში მიღებული კანონის არაკონსტიტუციურობაზე საუბრობენ და გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ამჟამად უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის დატოვებას აპროტესტებენ.
კამპანიაში “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების უფლებას ეწინააღმდეგება, რადგან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლია მოქალაქეების სატელეფონო საუბარზე მოსმენა განახორციელოს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაღები მობილურ ოპერატორებს ან დამოუკიდებელ ორგანოს უნდა ჰქონდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები